ოჯახი პატიმარ დავით გუჯეჯიანის გარდაცვალებაში ციხის თანამშრომლებს ადანაშაულებს 

პუბლიკა

ოჯახი პატიმარ დავით გუჯეჯიანის გარდაცვალებაში ციხის თანამშრომლებს ადანაშაულებს.

დავით გუჯეჯიანი სასჯელს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდიდა.

დედის და ცოლის თქმით, გუჯეჯიანს, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მისი გარდაცვალებაც ამან გამოიწვია. მათივე თქმით, პატიმარი „ვივა მედში”, რეანიმაციაში გადაიყვანეს, რომ „სიკვდილი ციხეს არ დაეწეროს”.

„4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ მთელი ერთი საათი […]. 6 რიცხვში, საღამოს, მირეკავენ პენიტენციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ „ვივამედშიო”. რატომ, რა ხდება-მეთქი და მორიგი გამოკვლევებიო. პირდაპირ გათიშული მიუყვანიათ [კლინიკაში], პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო. სავარაუდოდ, ეგრე ხდება, უკვე რომ იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყვათ „ვივამედში”, რომ იქ გარდაცვალოს და ციხეს არ დაეწეროს”. – თქვა სვეტლანა გუჯეჯიანმა „ტვ პირველთან”.

დავით გუჯეჯიანის ცოლის თქმით, მათ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს სახალხო დამცველის აპარატს. მათ შორის, მისივე განცხადებით, 18 ნოემბერს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა პატიმარს ასევე სცემეს.

ომბუდსმენის აპარატში „პუბლიკას” უდასტურებენ, რომ მათ გუჯეჯიანების ოჯახმა არაერთხელ მიმართა და რომ ახლა, პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე მისი წარმოადგენლის მხრიდან მასალების მიწოდებას ელოდებიან.

„პუბლიკა” პენიტენციურ სამსახურში გადაამისამართეს „ვივამედიდან”.

სპეციალურ პენიტენციურ სამსაუხრში კი გვითხრეს, რომ წერილობით უნდა მივმართოთ და კანონით დადგენილ ვადებში გვიპასუხებენ. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.