დააყადაღეს „ნანუკას ფონდის”, „ადამიანის უფლებათა სახლისა“ და Prosperity Georgia-ს ანგარიშები.
ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ბანკში უთხრეს, რომ ეს სასამართლომ დაუყოვნებლივი მექანიზმით მოითხოვა.
„ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.
ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.
დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
„ადამიანის უფლებათა სახლის“ და Prosperity Georgia-ს განცხადებით, დეტალებს არკვევენ.
„ნანუკას ფონდი“ ეხმარებოდა აქციების ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების ოჯახებს, ასევე, აფინანსებდა სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობას, მათ შორის, დააფინანსა გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება.
საპროტესტო აქციებში მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ „ადამიანის უფლებათა სახლი“ და Prosperity Georgia.
განახლება:
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ და თქვა, რომ ფონდები დააყადაღეს „საბოტაჟზე” იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
დაყადაღებულია ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ – მათი საბანკო ანგარიშები და ამ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები.