განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს.
გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული საგანმანათლებლო ქართულენევანი და ინგლისურენოვანი პროგრამა, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი ამილახვარმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა 2024 წლის 28 სექტემბერს დატოვა. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კერძო სექტორში ბრუნდებოდა.
„დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის. მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წაუძღვეს სისტემას, ხოლო მე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვბრუნდები კერძო სექტორში“, – განაცხადა ამილახვარმა.