პროკურატურა ოფიციალურად არ მატყობინებს, რა იყო დაყადაღების საფუძველი - ჟორჟოლიანმა უწყებას მიმართა

პუბლიკა

ტელეწამყვანმა, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართა, რათა უწყებამ გააცნოს საფუძვლები, რომელთა გამოც ფონდი დაყადაღდა. მას ასევე აინტერესებს როდემდე იქნება დაყადაღებული ფონდების ანგარიშები და ვინ არიან პროკურორები, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა მედიასთან თქვა, რომ ელის მის სახლში ჩხრეკის ჩატარებას, ის ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ ბრალს წაუყენებენ და არ გამორიცხავს, რომ „მიუახლოვდნენ [მისი] დაკავების ამბავსაც“.

„ჩვენ ოფიციალური განჩინება არ ჩაგვბარებია, ანუ პროკურატურა ოფიციალურად მე არ მატყობინებს რა იყო საფუძველი, რის შედეგადაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ერთია, რა განცხადებას ავრცელებენ, ასე ზედაპირულს, მაგრამ მეორე – რა დევს საქმეში და რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. თან მე მაქვს ჩემი დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორების სახელებსა და გვარებს მიმალავენ, იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან შემდეგი ეტაპი ჩემი მხრიდან, ჩემი რეაქცია რა იქნება ამ პროკურორების მისამართით, იმიტომ, რომ ჩვენ კანონი არ გვიკრძალავს, მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროკურორს სახელობითად გავაგებინოთ სინამდვილეში რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები. მაგალითად, ახლა პარასკევს რომ ბავშვი მყავს წამოსაყვანი რეანიმობილით თურქეთიდან, თუნდაც მისი მშობლები და პროკურორები ამას სახელობითად ძალიან კარგად გაიგებენ. ყველაფერი გაჩერდა, ადამიანები რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვთხოვდნენ დახმარებას და ჩვენ მათ ვეხმარებოდით, გაჩერდა, ჩვენ ვეღარავის ვეღარ დავეხმარებით“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

17 მარტს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ხუთი ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს „საბოტაჟზე“ იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო.

უწყების ცნობით, დაყადაღებულია ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“; ა(ა)იპ „ფროსფერითის“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ს“; ა(ა)იპ „სირცხვილიას“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები და ამ ანგარიშებზე განთავსებული თანხები.

გამოძიება, რომელზეც პროკურატურა მიუთითებს, 2025 წლის 8 თებერვალს დაიწყო და ახლა მიმდინარეობს „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით“.