საქართველოს სახალხო დამცველი გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შსს-ს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობაზე მიმართვიანობა არ გაზრდილა, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვისა და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას.
„მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზიულ ცენტრებსა და თავშესაფრებში. ამ ეტაპზე, თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინო ზონად, სადაც მსხვერპლები განთავსდებიან თავშესაფრებში გადანაწილებამდე 2 კვირით, ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს:
მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ძალადობის მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ არსებული დაცვისა და დახმარების ინფორმაციასა და სერვისებზე (ცხელი ხაზი, 112 აპლიკაცია) ონლაინ, მათ შორის უმცირესობების ენებზეც.
სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად იქნეს შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოძალადის განრიდების მექანიზმი.
თავშესაფრებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ იქნას იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს შეცვლილი ეკონომიკური რეალობის პირობებში.
? თქვენი უფლებების დარღვევების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე 1481;
აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციისთვის დაურეკეთ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს მურად გუსეინოვს ნომერზე – 591 70 10 73; ხოლო სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ანდრანიკ ბაღდასარიანს ნომერზე – 595 80 78 44.