შემცირდეს გამოცდების რაოდენობა და იყოს 1 კომბინირებული ტესტი – „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციები

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რეკომენდაციები აქვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, სერგო რატიანმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის 3 რეკომენდაცია ეხება გამოცდების რაოდენობის შემცირებას და 1 კომბინირებული ტესტის არსებობას. ასევე, სივრცეების მოწყობას სკოლებში, სადაც აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდას ჩააბარებენ.

„მინდა, გამოვეხმაურო განათლების მინისტრის განცხადებას, რომ ეროვნული გამოცდების არც თარიღი და არც ფორმა არ შეიცვლება. ვფიქრობ, თარიღი მართლაც არ უნდა შეიცვალოს, თუმცა ყველას გვესმის, ივლისში ეპიდემიის გავრცელების რაოდენობამ შეიძლება იკლოს, მაგრამ ის სრულიად არ გაქრება. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემცირდეს გამოცდების რაოდენობა. უნდა იყოს ერთი გამოცდა და ასევე, ერთი კომბინირებული ტესტით შესაძლებელია, რომ აუცილებელი გამოცდები შეფასდეს. ეს იქნება ერთიანი კომბინირებული ტესტი.

მეორე რეკომენდაცია ეხება ადგილს და აუცილებელია ყველგან, სადაც რეგისტრირებულია აბიტურიენტი, მოეწყოს საგამოცდო ცენტრები და შესაბამისად, ეს უნდა იყოს სკოლებში და იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ახალგაზრდების უსაფრთხოება და იყოს დისტანცირებული.

მესამე – მე-12 კლასელებს და ისედაც ყველასთვის აუცილებელია, გამოიცეს ბრძანება, რომელიც ეხება უშუალოდ შეფასებას, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ონლაინშეფასება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.