1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა

პუბლიკა

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით მოქალაქე გაზით მოიწამლა.

ორი წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ამერიკის საელჩომ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 აპრილის ტრაგედიას დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი twitter-ზე გამოეხმაურა.

„დღეს, ვიგონებთ მათ ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა“,- წერს ის.

9 აპრილის ტრაგედიას გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„ნორვეგია უერთდება 1989 წელს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. საქართველო არის ჩვენი ძლიერი პარტნიორი და ახლო მეგობარი. ერვნული ერთიანობის დღეს გისურვებთ სიძლიერეს, მათ შორის Covid 19-თან ბრძოლაში“.