SJC: შესაძლოა, თემურ ქათამაძე 5 დღეში იძულებით გააძევონ. მოვუწოდებთ შსს-ს, არ დაუშვას ეს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ თემურ ქათამაძის სასამართლო დავები საქართველოში უკვე დასრულდა და შესაძლოა, ის შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან 5 დღეში გააძევოს.

თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში კი თემურ ქათამაძეს პატიმრობა ემუქრება – „ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთში ფეტულა გიულენის ტერორისტულად გამოცხადებული მოძრაობის – FETO-ს წევრად მიიჩნევა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემამ ვერ შეძლო ბათუმელი მედროშის უფლებების დაცვა, ასევე მისი სათანადო დაცვა თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მაღალი რისკისგან.

ორგანიზაცია შსს-ს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ დაუშვას მისი იძულებითი გაძევება საქართველოდან.

თემურ ქათამაძის საქმეზე ბოლო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა 2025 წლის 5 ივნისს მიიღო და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც თემურ ქათამაძე ასაჩივრებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან მისი გაძევების შესახებ.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ თემურ ქათამაძეს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 5-დღიანი ვადა აქვს, თუმცა იმის გამო, რომ მისი თურქეთის პასპორტი ვადაგასულია (და მას, პრაქტიკულად, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს), თემურ ქათამაძე ვერ სარგებლობს ამ უფლებით.

ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების საკითხთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადებით მიმართა შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა, ოფიციალურად მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელთა წარდგენაც აუცილებელია საიმისოდ, რომ თემურ ქათამაძემ შეძლოს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობით შესვლა დასაშვებია.

„მიგრაციის დეპარტამენტს აღნიშნულ წერილზე ამ დრომდე პასუხი არ გაუცია, რაც თემურ ქათამაძისთვის მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასვლის უფლების რეალიზებას. ამ პირობებში, შესაძლოა, თემურ ქათამაძე იძულებული გახდეს, თავად წავიდეს თურქეთში ან 5-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტის იძულებითი ღონისძიების ფარგლებში გააძევონ თურქეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში თემურ ქათამაძის საქმეზე გამოჩნდა ახალი გარემოებები, რომლებიც კიდევ უფრო აშკარად წარმოადგენს მის მიმართ თურქეთში პოლიტიკური დევნის რისკებს, არც სასამართლოს და არც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენი მიმართვის მიუხედავად, ეს ფაქტები მხედველობაში არ მიუღია”. – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.

როგორც ორგანიზაცია ამბობს, მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ქათამაძეს თურქეთში FETO-სთან კავშირის საბაბით პატიმრობა ემუქრება, ადვოკატმა შეძლო, ოფიციალურად მოეპოვებინა იქ მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები, რომლებიც ადასტურებს როგორც მის მიმართ დაწყებული გამოძიების ფაქტს, ასევე დაპატიმრებას ზემოხსენებული საფუძვლით.

SJC-ის თანახმად, საქმის მასალების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაც შეიარაღებულ ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით.

რაქტიკაში სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს თურქეთში ფეჰთულა გიულენის მოძრაობის წევრების პოლიტიკური დევნა.

„აღსანიშნავია, რომ თემურ ქათამაძე არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს და მათ უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ის გამორიცხავს კავშირს ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობასთან და მხოლოდ ამ მოძრაობის წევრებთან პირად ნაცნობობას ადასტურებს. მისი თქმით, მას არც პრაქტიკული და არც იდეოლოგიური კავშირები ამ ორგანიზაციასთან არასდროს ჰქონია.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ თვეების განმავლობაში თემურ ქათამაძეს თურქეთის რესპუბლიკამ არ მისცა მინდობილობის გაფორმების შესაძლებლობა, რაც ზღუდავდა მის წვდომას თურქეთში მიმდინარე გამოძიების მასალებზე და ართმევდა შესაძლებლობას, სათანადოდ დაეცვა თავისი ინტერესები ქართულ სასამართლოში. სამწუხაროდ, საქმის წარმოების ფარგლებში არც შსს მიგრაციის დეპარტამენტმა და არც სასამართლომ არ უზრუნველყო თურქეთიდან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვა და საქმის ჯეროვანი და სრულყოფილი განხილვა.

თემურ ქათამაძის საქმის გარემოებები, მათ შორის ახლად გამოვლენილი საქმის მასალები, აჩვენებს, რომ თემურ ქათამაძე თურქეთში გაძევების შემდეგ შესაძლოა გახდეს პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლების) მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლი. თურქეთში ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების უფლებების სისტემურ დარღვევაზე საუბრობს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია”. – აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ გეგმავს, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები თემურ ქათამაძის უფლებების დასაცავად. მათ შორის, გამოიყენოს სპეციალური მექანიზმები საქართველოდან მისი გაძევებისა და თურქეთში მისი ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, არ დაუშვას თემურ ქათამაძის დაჩქარებული გაძევება ქვეყნიდან.

„აუცილებელია, მას მიეცეს საკმარისი დრო, ნათელი განმარტებები და პრაქტიკული შესაძლებლობა, რათა მოახერხოს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება. თემურ ქათამაძის ინტერესებს ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში იცავდა ჩვენი კოლეგა და პარტნიორი ორგანიზაცია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილი გარემოებებისა და საერთაშორისო დავის ეტაპს, ბათუმელი მედროშის ინტერესების დაცვას სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს”. – აცხადებს SJC.