ODIHR: საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევა ჯერ არ მიგვიღია

პუბლიკა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სპიკერმა, კატია ანდრუშმა „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მათ საქართველოსგან ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევა არ მიუღიათ.

„მადლობას გიხდით წერილისა და ODIHR-ის საქმიანობისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის. ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია მოწვევა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ დროული მოწვევა აუცილებელია იმისათვის, რომ სრულად განვახორციელოთ საარჩევნო დაკვირვების ყველა კომპონენტი ჩვენი კარგად ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია გრძელვადიან, მიუკერძოებელ, ყოვლისმომცველ და პროფესიონალურ დაკვირვებაზე.

იდეალურ შემთხვევაში, ODIHR იღებს არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევას არჩევნების დღემდე 4-6 თვის წინ“, – განაცხადა ანდრუშმა.

საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.