მუნიციპალიტეტების მერების გადადგომა კითხვებს აჩენს - ISFED

პუბლიკა

დროის მოკლე მონაკვეთში სხვადასხვა მუციპალიტეტებში მერების გადადგომის ტალღა ეჭვებს აჩენს, რომ არჩევითი თანამდებობის პირების მიერ პოსტების დატოვება არაჯანსაღი პროცესის შედეგია, – ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.

ორგანიზაცია 4 მუნიციპალიტეტის – კასპის, თერჯოლის, ქუთაისისა და ონის მერების მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

მათი თქმით, პარტიული დაპირისპირებისა და სავარაუდო ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მერების გადადგომა არა საკუთარი ნებით, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ან პარტიის მითითებების შედეგია. აღსანიშნავია, რომ წარსულში, 2018 წლის არჩევნების პერიოდში და მის შემდგომ თვეებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერი ასევე ბუნდოვანი მიზეზებით გადადგა, რამაც ანალოგიური ეჭვები გააჩინა.

„მსგავსი შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რეალური დეცენტრალიზაციის არარსებობას და მნიშვნელოვნად აკნინებს თვითმმართველობების როგორც ადგილობრივი მმართველობის დამოუკიდებელი არჩევითი რგოლის როლს. არჩევითი თანამდებობების პირების ბუნდოვანი მიზეზით გადაგომა ამყარებს წარმოდგენას, რომ თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ვერტიკალით იმართება და პირდაპირი წესით არჩეული მერები საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდ არა ადგილობრივ ამომრჩევლებს, არამედ პარტიულ ლიდერებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ.

„სამართლიანი არჩევნები“ ზემოთ დასახელებული მუნიციპალიტეტების ყოფილ მერებს მოუწოდებს საჯაროდ და ნათლად განუმარტონ საზოგადოებას გადადგომის მიზეზები. ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ – აღმოფხვრას ადგილობრივი თვითმმართველობების არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო ზეწოლისა და დევნის არაჯანსაღი პრაქტიკა, ხოლო მერების საქმიანობაში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესრულება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის სრულ განცხადებას გაეცანით ბმულზე;