ხაშურის სოფელ ოსიაურში სიმამრის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. უწყება ამბობს, რომ მან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში სიმამრი მოკლა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა სიმამრს მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გარდა ამისა, შსს ამბობს, რომ მან კონფლიქტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის ცოლსაც.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა, სიმამრს – 1961 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის მეუღლესაც, 1979 წელს დაბადებულ მ.კ.-ს“, – წერია განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას, „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს, რომელიც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.