მოლდოვის EU-ში გაწევრების I კლასტერი შესაძლოა 4 ივლისს გაიხსნას

პუბლიკა

მოლდოვის EU-ში გაწევრების I კლასტერი შესაძლოა 4 ივლისს გაიხსნას.

ევროპული საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო ევროკავშირს მოუწოდებს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები მოლდოვის გაწევრების პროცესში დამსახურებების მიხედვით, მათ შორის, პირობების დაკმაყოფილების შემდეგ კლასტერების გახსნით.

ევროპელი ლიდერები ასევე ხაზს უსვამენ ევროკომისიის დადებით შეფასებას, რომ ფუნდამენტურ კლასტერებზე მუშაობა გასახსნელად მზად არის.

გარდა ამისა, უკრაინული მედიების ცნობით, რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ მოლდოვის ევროკავშირში გასაწევრებლად პირველ კლასტერზე მუშაობა 4 ივლისს დაიწყება.

განახლება: რამდენიმე საათში ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ 4 ივლისთან დაკავშრებით შეცდომა დაუშვა.

ეს მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა. თუმცა, დამაზუსტებელ კითხვებს აღარ უპასუხა. 

4 ივლისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინაუში მოლდოვა-ევროკავშირის სამიტია დანიშნული.

ევროკავშირი აცხადებს, რომ სამიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ხაზი გაუსვან მოლდოვის მომავლის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირში.

„ეს ევროკავშირს საშუალებას მისცემს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ძლიერი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე, დაეხმაროს რეფორმების გატარებაში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა, ენერგეტიკა და ჰიბრიდული საფრთხეები“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკომისიამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო, 2024 წლის 21 ივნისს კი დამტკიცდა გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩო, გაფართოების განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.


საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო.

„ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.

ამ განცხადებას საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია, ფიზიკურად იძალადა ასობით დემონსტრანტზე, დააპატიმრა 50-ზე მეტი. 200 დღეზე მეტია, საქართველოში საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. ამ ხნის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი რეპრესიული კანონი, რომლებიც ზღუდავს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას და სხვა.