ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინე ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პოლიტიკური მოტივით დევნის ფაქტებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვუერთდებით ასამბლეის გუშინდელ დებატებში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებებს და მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ…. ეს ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან,“ — განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
როგორც გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, „დემოკრატიული რეგრესის აღმოსაფხვრელად და საქართველოში დემოკრატიული პროცესის უზრუნველყოფისთვის, თანამომხსენებლები გეგმავენ შემოდგომაზე ფაქტების დასადგენ ვიზიტს, რომლის მიზანიც იქნება ღია დიალოგის წარმართვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა სრულად იყოს დაცული საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებები.“