აშშ-ში დღეს, 3 ნოემბერს, შუალედური არჩევნები იმართება, რომელთა შედეგადაც განისაზღვრება, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას – წარმომადგენელთა პალატასა და სენატს. არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლებლობაზე, გაატაროს საკუთარი საკანონმდებლო დღის წესრიგი მისი საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი ორი წლის განმავლობაში.
შუალედური არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, პრეზიდენტის ოთხწლიანი ვადის შუა პერიოდში ტარდება. ამ არჩევნებზე თავად პრეზიდენტს არ ირჩევენ, თუმცა მათი შედეგები განსაზღვრავს კონგრესში ძალთა განაწილებას და იმას, რამდენად შეძლებს პრეზიდენტი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას.
- წარმომადგენელთა პალატა — არჩევას ექვემდებარება 435-ვე ადგილი. წარმომადგენელთა პალატის წევრებს ორწლიანი ვადით ირჩევენ, ამიტომ არჩევნები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას მინიმუმ 218 ადგილი სჭირდება.
- სენატი — 100 ადგილიდან არჩევნები 35-ზე იმართება. მათგან 33 ადგილი რეგულარული საარჩევნო ციკლის ფარგლებში ნაწილდება, ხოლო ორი ადგილი – ფლორიდასა და ოჰაიოში – სპეციალური არჩევნებით შეივსება. სენატორებს ექვსი წლის ვადით ირჩევენ, თუმცა სენატის შემადგენლობა ეტაპობრივად, ყოველ ორ წელიწადში დაახლოებით ერთი მესამედით განახლდება.
- გუბერნატორები — არჩევნები 36 შტატში ტარდება. ამომრჩევლები შესაბამის შტატებში გუბერნატორებს აირჩევენ.
- შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები — არჩევნები იმართება შტატების საკანონმდებლო ორგანოებში, ასევე სხვადასხვა ადგილობრივ და სახელმწიფო თანამდებობაზე. ამომრჩევლები რიგ შტატებში მონაწილეობენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების, გენერალური პროკურორების, სახელმწიფო მდივნებისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევაშიც.
ამერიკელი ამომრჩევლების მთავარი საზრუნავი ცხოვრების გაძვირებაა. სურსათისა და საწვავის ფასების ზრდა, რასაც ნაწილობრივ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებსა და ირანთან არაპოპულარულ ომს უკავშირებენ, საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა.
BBC წერს, რომ ტრამპი, რომლის რეიტინგიც ბოლო თვეებში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში და ქვეყნის მასშტაბით ათეულობით შეხვედრას მართავს. მაღალი ფასებით გამოწვეული უკმაყოფილება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფით არ შემოიფარგლება, რაც რესპუბლიკელებისთვის დამატებით გამოწვევას ქმნის.
სწორედ ამ გარემოებამ შესაძლოა ახსნას, რატომ გააქტიურდა ტრამპი იმ შტატებშიც, რომლებიც აქამდე რესპუბლიკელების საიმედო დასაყრდენად მიიჩნეოდა. საარჩევნო კამპანიის ბოლო შაბათ-კვირას ის აიოვასა და კანზასში იმყოფებოდა.
BBC-ის თანახმად, რესპუბლიკურმა პარტიამ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა წინასაარჩევნო რეკლამებზე ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატებსა და ოლქებში, მათ შორის კანზასის სენატორის არჩევნებში.
„როდესაც ისინი პოლიტიკურ რეკლამაში ამერიკელების მიერ გამომუშავებულ დოლარებს ხარჯავენ ისეთ შტატში, სადაც წესით უნდა იმარჯვებდნენ, სწორედ მაშინ ხვდები, რომ ფიქრობენ, შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეთ“, – უთხრა BBC-ს საარჩევნო კამპანიებისა და არჩევნების ანალიტიკური გამოცემა Cook Political Report-ის მთავარმა რედაქტორმა ქერი დანმა.
მისივე თქმით, კანზასში საარჩევნო კამპანიაზე დახარჯული თანხა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე რესპუბლიკელები თავდაპირველად ელოდნენ. დანის შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ პარტია არჩევნებს თავდაცვით პოზიციაში ხვდება.
ტრამპი წინასაარჩევნო გამოსვლების დროს ამომრჩევლებს პირადადაც მიმართავდა და მხარდაჭერას სთხოვდა.
„ამ არჩევნებში გთხოვთ, წარმოიდგინოთ, რომ მეც ვარ საარჩევნო ბიულეტენში. უბრალოდ, წარმოიდგინეთ“,- ეს დონალდ ტრამპმა გასულ თვეშიც თქვა და 2 ნოემბერსაც გაიმეორა.
„როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ. ამ დროს 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე მაშინ, როცა ბიულეტენში არ ვარ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ. და გარკვეულწილად ვარ კიდეც. თუ ჩვენი ხალხი მივა არჩევნებზე, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – თქვა მან გუშინ Fox News-ის ეთერში.