ბერა ივანიშვილის ადვოკატმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პუბლიკა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბერა ივანიშვილი ტელეკომპანიებისგან მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.

„ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხე არიან შპს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ და შპს ტელეკომპანია „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული და არანაირი კავშირი მას რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე მოითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.

მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას.

ბოლო პერიოდია, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ, გარკვეულწილად სინქრონულად და ხმაშეწყობილად, ვრცელდება ციცლისმწაბელური ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიების, პოლიტიკოსებისა თუ საჯარო ფიგურების მხრიდან. ამას არანაირად არ აქვს გამართლება, რადგან ყველა ადამიანს აქვს პატივი, ღირსება და რეპუტაცია.

მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსიერი, კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ“, — განაცხადა დავით ასათიანმა.

ბერა ივანიშვილმა სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილების შესახებ 30 სექტემბერს თქვა.

ივანიშვლმა დაწერა, რომ სიცრუეა, „თითქოს ის „ქოლცენტრებს“ მფარველობს“ და ცილისწამებაა, რომ „ადამიანებს მისი მითითებით აპატიმრებენ ან უკანონო გარიგებებში მონაწილეობს“.

„მინდა, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ“, – დაწერა ბერა ივანიშვილმა.

მისი თქმით, კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები ინფორმაციას მისი სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ, თუმცა, მისივე შეფასებით, ამის დასადასტურებლად ფაქტები წარმოდგენილი არ არის.

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი „შურისძიება კი არა, საკუთარი ღირსებისა და უფლებების დაცვაა“.

„მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი“, – წერს ბერა ივანიშვილი.