„ქართულმა ოცნებამ“ ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის შეცვალა და დღეს, 2 ივლისს უყარა კენჭი.
პირველი მოსმენით მიღებულ პაკეტში სისხლის სამართლის კოდექსში აღნიშნული იყო, რომ ინერგებოდა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების გამარტივებული მექანიზმი და სოციალური დაცვის ღონისძიებებს ემატებოდა საქართველოდან გასვლის აკრძალვა.
დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტის თანაავტორმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ აღსრულების მექანიზმი და საქართველოდან გასვლის აკრძალვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გადადის, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი ცვლილება, რომელიც მსჯავრდებულთან უკანონო გარიგებას უკავშირდება.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება შეეხება შემდეგ დანაშაულებს:
- თაღლითობა – დიდი ოდენობით
- გამოძალვა – დიდი ოდენობით
- მითვისება ან გაფლანგვა – დიდი ოდენობით
- ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – დიდი ოდენობით
- ნივთის დაზიანება ან განადგურება, თუ ზიანი აღემატება 10 ათას ლარს
- ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით – დიდი ოდენობით
- უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
- კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით – რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია;
ცვლილების მიხედვით, ჯარიმით ან სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება, თუ ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებში მსჯავრდებულს არ შეუსრულებია დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და მიიღო ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებელი.
გამონაკლისი იქნება ეროვნული ბანკის დაქვემდებარებულ ბანკში ელექტრონული ფორმით ფულის მიღება ან საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ეს თანხა და უძრავი ქონება აღსრულებაში მიექცევა.
ჯარიმით ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ზემოჩამოთვლილ დანაშაულში მსჯავრდებულისთვის საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის ერთი თვის განმავლობაში გადაცემა, აგრეთვე ისეთი უძრავი ქონების ან ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით გადაცემა, რომლის სარგებლობისთვის საფასურის საბაზრო ღირებულება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას აღემატება.
აქაც გამონაკლისი იქნება თანხის ბანკში ჩარიცხვა და უძრავი ქონების (მანქანა, სახლი…) საკუთრებაში გადაცემა.
პლენარულ სხდომაზე არჩილ გორდულაძემ კანონში შესატანი ცვლილებები განმარტა:
„სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც გულისხმობს მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადებას და მისი შინაარსი შემდეგია:
ადამიანებს, რომლებიც იქნებიან მსჯავრდებულები [ზემოთ ჩამოთვლილ მუხლებში], სარგებლის სახით შეეძლებათ მიიღონ თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა და არავითარი მეტი.
რა თქმა უნდა, ცვლილება არ შეეხება თანხების ელექტორნული ფორმით, არანაღდი ანგარიშსწორებით ჩარიცხვას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ დაწესებულებებში.
ამავდროულად, შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების მიღება მხოლოდ და მხოლოდ საკუთრებაში. თუ საკუთრებაში გადაეცემა პირს მანქანა ან მაგალითად თანხა ელექტრონულად, შესაბამისი ყადაღა დაედება და მიექცევა დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად.
ყველა სხვა სარგებლის მიღება და გადაცემა დანაშაულად იქნება განსაზღვრული, რაც მიზნად ისახავს დაზარალებულების დაკმაყოფილების ვალდებულების უზრუნველყოფას.
რომ არ მოხდეს ისე, რომ მსჯავრდებული ტოვებს საპატიმრო დაწესებულებას, გამოდის გარეთ, მას სხვა პირები აცხოვრებენ, აძლევენ ფუფუნების საშუალებას, პირი იღებს სარგებელს, მაგრამ არ ანაზღაურებს ზიანს – ამის პრევენცია მოხდება.
ამავდროულად, თუ პირები გადასცემენ სარგებლობაში, მაგალითად, სახლს, ძვირადღირებულ ავტომობილს, ესეც ჩამორთმევას დაექვემდებარება და მოხდება ზიანის ასანაზღაურებლად მიქცევა“, – განაცხადა გორდულაძემ.
რაც შეეხება საპროცესო კოდექსში ცვლილებებს, გორდულაძის თქმით სისხლის სამართლის კოდექსიდან ისეთი პროცედურები, როგორიცაა საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა და დაზარალებულის კომპენსაცია გადადის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ზემოჩამოთვლილი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურება.
მანვე განმარტა, თუ რა ქონებას შეეხება ყადაღა და დაზარალებულისთვის ზიანის ასანაზღაურებლად მიქცევა:
- მსჯავრდებულის საკუთრებაში არსებული ქონება სრულად;
- თუ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები თანხით აქვს გადაცემული სხვა პირებისთვის ქონება
- ახლო ნათესავების ის ქონება, რომლის მიღებასთან დაკავშირებით პირი დამნაშავედაა ცნობილი ფულის გათეთრებისთვის
- მსჯავრდებულისა და ახლო ნათესავისთვის ან სხვა პირისთვის გადაცემული ქონება, მათ შორის, წარსულში, რომელთან დაკავშირებითაც პირი მსჯავრებული იქნება ფულის გათეთრებისთვის
- თუ პირები მსჯავრდებულს გადასცემენ სარგებლობაში უძრავ ან მოძრავ ქონებას, რომელიც საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი ღირებულების იქნება
კანონპროექტს დაჩქარებული წესით არ განიხილავენ.
მას 2 ივლისს მეორე მოსმენით უყარეს კენჭი.
მესამე მოსმენით განხილვა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება.
„ვიტოვებთ შესაძლებლობას, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო დავხვეწოთ ეფექტურობის თვალსაზრისით, არა შემსუბუქების, არამედ კიდევ უფრო ეფექტური რომ იყოს… კიდევ უფრო დახვეწილი მექანიზმი თუ იქნება შემოთავაზებული, მესამე მოსმენისთვის შემოგთავაზებთ შესწორებებსაც“, – თქვა გორდულაძემ განხილვის ბოლოს.