საქართველოდან გასვლის აკრძალვა, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესის გამარტივება - „ოცნების“ ახალი კანონპროექტი

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დაზარალებული პირებისთვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მექანიზმს შეეხება.

ცვლილება 5 კანონში შედის.

პაკეტის მიხედვით, დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება, გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულის/განრიდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას.

ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას მისცემს, ზიანი აინაზღაუროს როგორც მსჯავრებული პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან/დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონებით. პროექტის მიხედვით, ეს მექანიზმი ფულის გათეთრების მუხლს შეეხება.

ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე.

ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულ პირს, რომელიც მოიხდის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელს, ზიანის ანაზღაურებამდე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიის დატოვება აეკრძალება.

კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის – 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.

პროექტის მიხედვით: საქართველოდან გასვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს სასჯელის ან პირობითი მსჯავრისგან დამოუკიდებლადაც, ასევე იმ შემთხვევაში, თუ პირი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება ან იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა ჩადენილი დანაშაულისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებად არ არის მოცემული.

პროექტის მიხედვით, საქართველოდან გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით.

საქართველოდან გასვლის აკრძალვის და ზიანის ანაზღაურების გამარტივებული წარმოებით ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს:

  • ქურდობა – დიდი ოდენობით
  • ძარცვა – დიდი ოდენობით
  • ყაჩაღობა – დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით
  • თაღლითობა – დიდი ოდენობით
  • გამოძალვა – დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით
  • მითვისება ან გაფლანგვა – დიდი ოდენობით
  • განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
  • ქონებრივი დაზიანება მოტყუებით
  • ნივთის დაზიანება ან განადგურება
  • საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობა
  • მომხმარებლის მოტყუება – დიდი ოდენობით
  • კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება
  • ძეგლებისა და სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა
  • სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მისი გავრცელება იგეგმება იმ პირებზეც, რომელთა საქმეების სასამართლო განხილვა დასრულებული არ არის.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

„ოცნების“ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პაკეტის თანაავტორმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი გავრცელდება ნებისმიერ პირზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული და სხვას მიაყენა ზიანი. გორდულაძის თქმით, მათ შორის, ეს არის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.

„ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც გიორგი ბაჩიაშვილი, დიახ, გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება წარმოდგენილი ცვლილებები, ამას არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ადამიანის სახლი და გვარი რა არის და როგორია. მთავარია, რომ ჩაიდანა თუ არა ამ ადამიანმა დანაშაული და სხვა ადამიანს მიაყენა თუ არა ზიანი. კონკრეტული სახელისა და გვარის ქონა, რა თქმა უნდა, ადამიანს ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და სხვა ადამიანს ზიანს აუნაზღაურებს, ესაა მარტივი ლოგიკა“, – თქვა მან „იმედის“ ეთერში.