დანიგანი: ხელისუფლების ოპონენტები პატიმრობაში არიან, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

სიტყვით გამოსვლაში მან ისაუბრა დემოკრატიის არსზე და ამისთვის საჭირო სამ ელემენტზე – დაპირებაზე, ვალდებულებასა და ოპტიმიზმზე.

მისი განცხადებით, დემოკრატიის დაპირება ერთ-ერთია, რაც აშშ-სა და საქართველოს აერთიანებს.

„სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს“, – თქვა ელჩმა.

რობინ დანიგანის თქმით, საქართველოში უამრავი ძალისხმევა ნახა დემოკრატიის დაპირების შესასრულებლად.

„მე ვნახე რელიგიის თავისუფლება თბილისის გულში, სადაც ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების მშვიდობიანი თანაარსებობა ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთებისა და შემწყნარებლობის მკაფიო გამოხატულებაა.

მსმენია ზოგიერთისგან, რომ თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია. თუმცა, ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება — ამერიკელები და ქართველები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჭეშმარიტი პარტნიორები არიან დემოკრატიისკენ სწრაფვაში.

მე შევხვდი ათასობით ქართველს, რომლებმაც მითხრეს, თუ როგორ დაეხმარა მათ აშშსაქართველოს პარტნიორობა. ფერმერები, მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, ბიზნესმენები, ყველა მათგანი მეუბნებოდა, როგორ შეცვალა უკეთესისკენ მათი ცხოვრება ამერიკასთან თანამშრომლობამ.

2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები აქ იყო. როდესაც რუსული ტანკები უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები, ამერიკული ტრაქტორები და საკვები დახმარება უკვე მოდიოდა — იმიტომ, რომ სწორედ ასე იქცევიან მეგობრები დემოკრატიებში.

მე შევხვდი უამრავ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, სამედიცინო მკვლევარსა თუ სამართალდამცავს, რომლებიც ამერიკელ კოლეგებზე საუბრობენ, როგორც თავიანთ ძმებზე და დებზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ ქართველებისა და ამერიკელების ცხოვრება, რათა ორივე ქვეყანამ შეასრულოს დემოკრატიის დაპირება.

4 ივლისი ასევე არის დღე, როდესაც ამერიკელები ვფიქრობთ იმ უზარმაზარ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არის გაღებული. დღე, როდესაც ვიხსენებთ, რომ თავისუფლება თავისთავად არ მოდის. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენს ვალდებულებაზე მომავალი თაობების წინაშე, რაც მაძლევს საშუალებას გადავიდე დემოკრატიის მეორე მნიშვნელოვან პრინციპზე: ვალდებულებაზე.

თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან, და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის.

ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. და ასევე, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც “რადიკალებად” იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან.

როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ის თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.“

ჩვენთვის, ვინც დემოკრატიის თავისუფლებებით ვსარგებლობთ, არასდროს უნდა მივიღოთ ის, როგორც თავისთავადი მოცემულობა. ყოველთვის გავწიოთ ძალისხმევა იმ თავისუფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ჯონ ფ. კენედის სიტყვებით: „თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე. ეს იყო ფასი გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდამ.

დასასრულს, მსურს შევეხო, იმას რაც დემოკრატიის სასიცოცხლო ძარღვია – ოპტიმიზმი.

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქ, საქართველოში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებისა დავიცვათ იგი.

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ბევრი ადამიანი ემსახურება თავის ქვეყანას.

მე ასევე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია. ამერიკელი და ქართველი მომავალი თაობისგან მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ისინი მაძლევენ ოპტიმიზმს ჩვენი მომავლის და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მომავლის მიმართ“, – განაცხადა ელჩმა დანიგანმა.