პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, თუმცა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„პაციენტი შემოყვანილია დღეს დილით, დაახლოებით 06:30 საათზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა.
ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული“, – განაცხადა რატიანმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი ადამიანი. მედიის ინფორმაციით, დაკავებული საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2018 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 4 აპრილამდე იკავებდა. 4 აპრილს რიჟვაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებს, თუმცა, „რჩება „ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად“.