გიორგი რამიშვილს („ზარალა”) ბრალი წარედგინა - პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გიორგი რამიშვილს („ზარალა”) ბრალდება წარედგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რენტგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი რამიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.