გიორგი რამიშვილი („ზარალა”) 70 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

პუბლიკა

გიორგი რამიშვილს („ზარალა”) აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდანვე გათავისუფლდა, – გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.

პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

გიორგი რამიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რენტგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურორის განცხადებით, გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

„როგორც მოგეხსენებათ ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და შესაბამისი წესით ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმ კუთხით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, თუმცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და გაასაჩივრებს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში”, – განაცხადა პროკურორმა, თორნიკე მახათაძემ.