აქტივისტს ალბი კორძაიას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. საქმე ეხება პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივარს შეურაცხყოფაზე. ალბი კორძაია ზაჰესის იზოლატორთან თავად მივიდა და 112-ს თავისი ადგილსამყოფელი შეატყობინა.
„სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი პატიმრობა 5 დღე. ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, – წერს ალბი კორძაია სოციალურ ქსელში.
30 ივნისს კორძაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაურეკეს საპატრულოდან და უთხრეს, რომ ბიძინა ჟამერაშვილი შეურაცხყოფის მიყენებისთვის უჩიოდა.
„დამირეკეს საპატრულოდან. ბიძინა ჟამერაშვილი მიჩივის შეურაცხყოფის მიყენებას. მძინარე ვიყავი, თავიდან ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე, მეგონა დღევანდელ სასამართლოზე მირეკავდნენ, მერე პოლიციელის შეურაცხყოფაო, 28 ივლისიო და მეთქი რა?!! რა თქმა უნდა, იქვე ვთქვი, რომ მაგას კი არა, უარესს იმსახურებს ეგ ნამუსგარეცხილი, რომ მათე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა და ბათუმში ისვენებს“, – წერდა ალბი კორძაია.
28 ივნისს ალბი კორძაიამ გაავრცელა მათე დევიძის საქმის ფიგურანტი პოლიციელის, ბიძინა ჟამერაშვილის ვიდეო.
„ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?! […] ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული შე უნამუსო, შე ნამუსგარეცხილო“ – მიმართავს აქტივისტი ბიძინა ჟამერაშვილს.
„დიდი პრემია ავიღე“, – ამბობს ვიდეოში ბიძინა ჟამერაშვილი.
12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა.
4 ივნისს თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე ალბი კორძაიას 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.