პროკურატურის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ბრალდება წარუდგინეს. ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორია.
უწყება ამბობს, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ახვლედიანს „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“, – წერია განცხადებაში.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თორნიკე რიჟვაძე ორი დღეა კლინიკაშია მოთავსებული. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა დღეს მედიასთან თქვა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.