თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

პუბლიკა

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, რიჟვაძის თურქეთში გადაყვანა ოჯახის მოთხოვნით მოხდა.

„დიახ, გადაყვანა მოხდა ოჯახის მოთხოვნით. დაახლოებით, ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა [გადაყვანამდე] იყო სტაბილურად მძიმე, პაციენტი იყო აპარატზე შეერთებული, თუმცა გაუმჯობესებული პარამეტრებით“, – უთხრა „პუბლიკას“ ტურძელაძემ.

თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს საავადმყოფოში შეიყვანეს. მას ადგილზე ჩაუტარდა ოპერაცია, შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

პროკურატურის ვერსიით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში.

7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ წერილი გაავრცელა, რომელიც, მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ „თვითმკვლელობის მცდელობამდე“ დაწერა. მათ მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, მან ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა.

რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ გუშინ, 8 ივლისს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.