შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. დააკავეს. უწყების ცნობით, მან 2001 წელს დაბადებული პირი დაჭრა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაჭრილი ლ.ჩ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა“, – წერია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.