სახალხო დამცველი ეხმაურება გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ბაჩიაშვილმა სახალხო დამცველს ამის შესახებ 12 ივლისს აცნობა.
სახალხო დამცველისვე თქმით, ბაჩიაშვილმა აპარატისგან მოითხოვა, არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი.
ომბუდსმენის განცხადებით:
„გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, 11 ივლისს, N8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, სადაც ის შესახლებული იყო, შევიდა უცნობი პიროვნება რომელმაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა (მოგვიანებით დაწესებულების ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ ეს პიროვნება მსჯავრდებული იყო).
გიორგი ბაჩიაშვილი დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ამჟამად კი N18 სამკურნალო დაწესებულებაში არის მოთავსებული. მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის აპარატისგან ითხოვა არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი.
სახალხო დამცველის აპარატმა ზემოხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალური პენიტენციური სამსახურს (რელევანტური ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით), პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებაში რაიმე ფორმით შესაძლო მონაწილეობის, ასევე, მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის ირგვლივ”, – ნათქვამია განცხადებაში.