ბრაჟე: მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიისთვის არასასურველი პირების სიაში შევიყვანო

პუბლიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოს 55 მოქალაქეს ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა „განუსაზღვრელი ვადით” დაუწესდა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში. ამ ფიზიკური პირებისთვის ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, – წერს ბრაჟე X-ზე.


ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ დეპუტატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ 2025 წლის 3 მარტს დაწერა, რომ საქართველოს 16 მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში დაამატა. „აეკრძალებათ მათ ლატვიაში შემოსვლა განუსაზღვრელი ვადით. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად”, – დაწერა მან.