სახელმწიფოსგან მოტყუებით მიიღეს გრანტები, ჯამში 826 815 ლარის - დაკავებულია 12 პირი 

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. მათივე განცხადებით, წინასწარი მონაცემებით შესაძლოა გაიზარდოს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე დამნაშავე პირთა რაოდენობა.

უწყება განმარტავს, რომ „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს აფინანსებდა არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლ.დ., რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული პროგრამის შესახებ, სახელმწიფო თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეურნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გრანტის გაცემის თაობაზე. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო რამდენიმე კომპანია, საიდანაც თითქოსდა უნდა მომხდარიყო ხსენებული ტექნიკის შეძენა. ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა, თავის მხრივ, დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით, გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზაციის თაობაზე.

დადგენილია, რომ აღნიშნული სქემით, ბრალდებულების მიერ, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, 8 შემთხვევაში სახელმწიფოსგან მოტყუებით მიღებული იქნა გრანტი, ჯამში 826 815 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ არადანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული, პირადი ინტერესებისთვის“, – წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.