გიორგი ახობაძე: არავითარი ცენტრალური გაგრილების სისტემა ციხეში არ არის

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო ერთ-ერთი დაკავებული გიორგი ახობაძე ციხეში გაგრილებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს პასუხობს:

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იუსტიციის სამინისტროს ტყუილებს. არავითარი ცენტრალური გაგრილების სისტემა ციხეში არ არის. დეფინიციებში დაკარგულ სალიას [პაატა სალია, ოცნების“ იუსტიციის მინისტრი] რა არის – […] საკანში კედელში დამაგრებულია ღია სივრცისთვის, ე.წ. აუთდორ გამოსაყენებელი წყლის წვეთების გამფრქვევი ვენტილატორი. ეს მოწყობილობა არ არის ოთახისთვის შექმნილი. ამაში ფული ვინ გაფლანგა, ცალკე მოკვლევის საკითხია…

ეს მოწყობილობა მუშაობისას წარმოქმნის იმგვარ ხმაურს, რომ ერთმანეთის საუბრის მოსმენა შეუძლებელი ხდება. ეს არაა შექმნილი დახურული სივრცისთვის ასე რომ, ეს ვითომ გაგრილების სისტემა თვითონ დაიყენოს სალიამ სახლში, თუ ასეთად აიდენტიფიცირებს.

ფონური ხმაურის გავლენა ჯანმრთელობაზე თუ ვინმემ არ იცის, ვეტყვი, რომ ის ხმა, რასაც ეს ვითომ გაგრილების სისტემა გამოსცემს, საზიანოა მენტალური ჯანმრთელობისთვის. აქ ხალხი ბეტონის კოლოფებშია მოთავსებული და მათი მენტალური მდგომარეობა ისედაც არ არის ნორმალური.

…რაც შეეხება მაღაზიას, ამ ხმაურის მერე მოგვყიდეს ერთი ცალი ინდივიდუალური, პატარა ვენტილატორი და მეტი არ გვაქვსო. ეს ერთიც აშკარად ვიღაცაზე იყო გაყიდული და მისი სახელი ეწერა. დღეს კვირაა და ვენტილატორის ყიდვის შეპირება იყო წინა ხუთშაბათზე.

რაც შეეხება სიცხეს, ეს ჩემი კაპრიზი არ არის… ეს ტემპერატურა საშიშია ჯანმრთელობისთვის და პოტენციურად შეიძლება გახდეს პატიმრის გაუწყლოების მიზეზი, რამაც ზოგ შემთხვევაში, ქრონიკული დაავადების მქონე პატიმრებში შეიძლება შექმნას სიკვდილის რისკი.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ ხმაურის შემდეგ ციხემ გვათხოვა ორი ვენტილატორი, რომელიც, ფაქტობრივად, წაართვეს სართულის ოფიცრებს.

ჩვენ აქ არ ვსხედვართ ადამიანები, ვინც სხვისი ტანჯვის ხარჯზე თანახმა ვართ საკუთარი კომფორტი შევიქმნათ. ზუსტად ისევე ცხელათ ციხის თანამშრომლებს, როგორც ჩვენ.

ამიტომ კეთილი ინებოს იუსტიციის სამინისტრომდა ზედამხედველობა გაუკეთოს ყველა პატიმრის გასაგრილებელი მოწყობილობით უზრუნველყოფას, ვისაც ამის სურვილი აქვს. გაგებით ვეკიდებით კიდევ ბევრ საბაზისო საკითხზე პრობლემებს და იმდენს ნუ იზამს სალიას კანტორა, ყველაფრისთვის მოვიცალოთ. კეთილი ინებოს და ყველა პატიმარი უზრუნველყოს საბაზისო საკითხებით.

ნიკუშა კაციას ტექსტიც მინდა წავიკითხო, ამას წუთები აღარ აქვს: „აბსოლუტურად ვეთანხმები და ვადასტურებ ყველა სიტყვას, რომელიც გიორგი ახობაძემ დაწერა, ბევრად უფრო მოკლე რეალობაა, თქვენ წარმოიდგინეთ. ჩვენ [არ ისმის] გამომდინარე ბევრნი ვართ და არ ვიმჩნევთ… [არ ისმის] მოვუწოდებ სალიას კანტორას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადამიანს, განსაკუთრებით უკანონოდ დატყვევებულების ყოველდღიურობას და საერთოდ, ნებისმიერ პატიმარს მისცეს ის, რაც ისედაც ეკუთვნის. კვირა, 20 ივლისი, 13:25, ნიკუშა ბედნიერი კაცია“, – თქვა გიორგი ახობაძემ სატელეფონო საუბარში.