ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი კონფლიქტისას კაცი დაჭრეს - დაკავებულია 2 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2 პირი: 2005 წელს დაბადებული ლ.კ. და 2001 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნ.კ. ავტომობილით გადაადგილებისას, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შემდგომ, აღნიშნული ავტომანქანის მგზავრს– 1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და ნ.კ.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ნ.კ.-ს დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო მისი ძმა, ლ.კ., რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ცივი იარაღის გამოყენებით ა.მ. დაჭრა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ ლ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ნ.კ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.