„პოპულიზმი, ნამდვილი საჭიროებების გადაჭრის ნაცვლად" | ბოლოდროინდელ ცვლილებებზე ნარკოპოლიტიკაში

პუბლიკა

„ნარკოპოლიტიკა და კრიმინალიზაციის ახალი ტალღა: პოპულიზმი, ნამდვილი საჭიროებების გადაჭრის ნაცვლად”, – ასე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ მომზადებულ განცხადებას, სადაც ორგანიზაცია ნარკოპოლიტიკაში ბოლოდროინდელ ცვლილებებს აფასებს.

გთავაზობთ ამონარიდებს დოკუმენტიდან, ვრცლად გაეცანით ბმულზე;

„ბოლო თვეებში „ქართულმა ოცნებამ“ რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გაატარა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რისი მიზანიც რეპრესიული და კონტროლის ინსტრუმენტების გაძლიერება იყო. მიმდინარე წლის გაზაფხულზე განხორციელებული ცვლილებებით, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის თავის არიდება, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს სასჯელის სახით დაემატა სავალდებულო მკურნალობა, რომლის გამოყენებაც არაუმეტეს 2 წლის ვადით შეიძლება „ნარკომანიით დაავადებული პირის მიმართ“.

ივლისის დასაწყისში სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა ნორმატიულ აქტებში მორიგი ცვლილებები შევიდა, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდა რიგ ქმედებებზე არსებული სანქციები, ამავდროულად, არსებითად შესუსტდა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლებისთვის არსებულ სამკურნალო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა. ცვლილებებით აგრეთვე შეიზღუდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში და ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებში ჩართული პირების იდენტიფიცირება.

სადამსჯელო, მკაცრი პოლიტიკის არგუმენტად, როგორც წესი, დამძიმებული ნარკოვითარება და ნარკოტიკით გამოწვეული ზიანის გაზრდა არის ხოლმე გამოყენებული. თუმცა, არც ერთ კანონპროექტს თან არ ახლავს რაიმე კვლევა, ან კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც აჩვენებდა არსებული ცვლილებების რეალურ საჭიროებას.

ამავდროულად, ნარკოპოლიტიკაზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების და ზოგადად, ნარკოტიკის ფენომენი პირდაპირ კავშირშია არსებულ საზოგადოებრივ, სოციო-ეკონომიკურ კონტექსტთან. სხვა ფაქტორებთან ერთად, ნარკოტიკის მოხმარების მოტივატორი მათ შორის შეიძლება იყოს ეკონომიკური, თუ ფსიქოლოგიური წნეხი. შესაბამისად, ეფექტიანი ნარკოპოლიტიკაც უნდა იყოს მრავალწახნაგოვანი და ადეკვატურად პახუსობდეს პრობლემის რეალურ მიზეზებს.

ბუნებრივია, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა გლობალურ პროლემას წარმოადგენს და ამ თვალსაზრისით საქართველოც არაა გამონაკლისი. განსაკუთრებით, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პირობებში და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ყოველდღიურად შექმნის პირობებში, პრობლემასთან გამკლავება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს სახელმწიფოებისგან. თუმცა ამ კონტექსტში კიდევ უფრო ნათელია, მხოლოდ სადამსჯელო მექანიზმები ეფექტიანი ვერ იქნება და სამეცნიერო აზრი სულ უფრო მეტად იხრება ე.წ. „მოთხოვნის შემცირებისკენ“ მიმართული ღონისძიებების გატარებისკენ, რაც გულისხმობს პირველ რიგში პრევენციას, ხოლო შემდგომ ეტაპებზე ძლიერი სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების შენებას.

ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ გაძლიერებულ სადამსჯელო რიტორიკას პოლიტიკური ფიგურებისგან და ეს რიტორიკა შემდგომ კანონმდებლობაზეც აისახება. შედეგად, ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებული რეალური პრობლემები, რაც უკავშირდება ქვეყანაში პრევენციის სისტემის არარსებობას, არასაკმარის და ხელმიუწვდომელ ჯანდაცვის სერვისებს, ძვირიან სარეაბილიტაციო პროგრამებს, კვლავაც გადაიფარება მკაცრი პოლიტიკის დაპირებებით.

ამგვარ სადამსჯელო პოპულიზმს კი ორი მიზანი აქვს:

ერთი მხრივ, საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ილუზია, რომ თითქოს პრობლემასთან რეალურად მიმდინარეობს ბრძოლა;

მეორე მხრივ კი გამკაცრებული კანონმდებლობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის პოლიციას რეპრესიული, კონტროლზე ორიენტირებული საქმიანობის გასატარებლად.

მკაცრი, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა ქართული რეალობისთვის ახალი არაა და მსგავსი გამცოდილება უახლოეს წარსულში უკვე გვქონდა, მათ შორის ინტენსიური „ქუჩის ნარკოტესტირებების“ პრაქტიკით, რომლის სამიზნეც ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გამხდარიყო. მაგალითად, მხოლოდ 2013-2015 წლებში 150 000-მდე ადამიანი გადაიყვანეს იძულებით ტესტირებაზე, საიდანაც 2/3-ზე მეტ შემთხვევაში ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო. გარდა ამისა, ზოგადად დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა აღმოჩნდა რეალურად არაეფქტიანი, რადგან წლების განმავლობაში მზარდი იყო ქვეყანაში ნარკოტიკის პრობლემური მომხარებლების რაოდენობა, ხოლო ნარკოტიკით გამოწვეული ზიანის (მათ შორის ლეტალური ზედოზირების შემთხვევები) მასშტაბის თაობაზე სახელმწიფოს სრული სურათიც კი არ აქვს.

სასჯელების გამკაცრება მარიხუანაზე და კონსტიტუციური კონტროლის მოშლა

2 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებებით აგრეთვე გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი სასჯელები და მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვასა და მის მოყვანა-დათესვა კულტივაციაზე სანქციის ერთ-ერთ ფორმად თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.

ბოლო წლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეტაპობრივად მსუბუქდებოდა ამ ქმედებებზე სასჯელები. კერძოდ, 2015 წლის გადაწყვეტილებით, 70 გრამამდე ოდენობით მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ამ გადაწყვეტილებით არ მომხდარა ქმედების დეკრიმინალიზაცია და მასზე კვლავაც შენარჩუნდა სისხისსამართლებრივი დასჯადობა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ არგუმენტაციაში მიუთითა, რომ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენდა „აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ამ კონკრეტული დანაშაულისთვის”.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, მარიხუანას მოხმარებით, ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვით (თუკი დადასტურებული არაა გასაღების მიზანი) რეალური საფრთხე არ ექმნებოდა გარეშე/მესამე პირებს. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რათა სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას”.

დაახლოებით იგივე არგუმენტაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია 151 გრამამდე მცენარე კანაფის პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენება. იგივე გადაწყვეტილებით, სასამართლომ 264 გრამამდე ოდენობით კანაფის მოყვანისთვის დასაშვებად მიიჩნია საპატიმრო სასჯელის გამოყენება, თუმცა არა იმ ვადით, რასაც გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა (თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე).

2 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებებით რეალურად სწორედ ამ გადაწყვეტილებების რევიზია მოხდა, რადგან საქართველოს პარლამენტმა უგულვებელყო ის კონსტიტუციური სტანდარტები და პრინციპები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებით განსაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლომ. სასჯელის გამკაცრება საკანონმბდელო ინიციატივის წარდგენისას დასაბუთდა იმით, რომ „ბოლო წლებში, მომხმარებლებში პოპულარულია კანაფის ჰიბრიდული ჯიშების გამოყენებაც, რომლებიც THC-ს მაღალი შემცველობის გამო, გამოირჩევიან უფრო მავნე ზეგავლენით ადამიანის ორგანიზმზე, ვიდრე ბუნებრივი და ენდემური ჯიშის კანაფის მცენარეები. ამავე მიზეზის გათვალისწინებით, ჰიბრიდული მარიხუანის მომხმარებელი დამოკიდებულების უფრო მაღალი რისკის ქვეშაა”.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ტენდენცია გლობალურად არაახალია და ის სახეზე იყო იმ დროისთვისაც, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, კანონპროექტს თან არ ახლავს არანაირი კვლევა, ან მტკიცებულება, რომელიც არა ზოგად ტენდენციებს, არამედ კონკრეტულად საქართველოში არსებულ ნარკო-სცენას მიმოიხილავდა და გაანალიზებდა, რა ტიპის კანაფია გავრცელებული დღეს საქართველოში. დამატებით, ქართული სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადად აცხადებს როგორც მცენარე კანაფის დათესვას და მოყვანას, აგრეთვე მის კულტივირებას. სწორედ კულტივირება გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს სელექციას; ან მოქმედებას, რომელიც მიმართულია მცენარის ან სოკოს ახალი სახეობის ან ჰიბრიდის მიღებისაკენ. შესაბამისად, თუკი აღნიშნული პრობლემა, რაზეც კანონის განმარტებით ბარათშია საუბარი, რეალურად საქართველოში მართლაც მწვავედ დგას, სწორედ ამ კონკრეტულ ქმედებაზე (კულტივაცია) ახლებური სანქციის განსაზღვრით იყო შესაძლებელი კანონპროექტით დასახული მიზნის მიღწევა და არა კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით მიდგომების ზოგადად გამკაცრებით.

გარდა იმისა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები არის რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება და გაძლიერება, ამით საქართველოს პარლამენტმა არსებითად დაარღვია ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლის პრინციპები და ფარგლები. ამგვარი საკანონმდებლო საქმიანობით ბუტაფორიული ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს როლი როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური სახელისუფლებო შტოების შებოჭვის კუთხით. პარლამენტმა ფაქტობრივად დააიგნორა ის კონსტიტუციური სტანდარტები, რომლებიც სასამართლომ წლების განმავლობაში არაერთ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული განგრძობადი პრაქტიკით განავითარა.

ცვლილებები კიდევ უფრო საგულისხმოა იმ ფონზე, რომ რეალურად კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით აქამდეც არსებობდა სამართალდაცვითი და სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც აღინიშნა, ეს ქმედებები აქამდეც სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა და სამართალდამცავ ორგანოებს ისედაც ჰქონდათ ამ პრობლემასთან გამკლავების სამართლებრივი, მათ შორის სადამსჯელო მექანიზმები. სასჯელის გამკაცრება კი მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ ხელისუფლება მკაცრ, სამაგალითო დასჯას განიხილავს პრობლემასთან გამკლავების ეფექტიან მექანიზმად.

სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება სამკურნალო პროგრამებზე და ხელოვნური ბარიერები სამედიცინო სერვისებზე

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მორიგ სახიფათო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ნაბიჯს წარმოადგენს ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები. 2 ივლისს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე უფლებამოსილი არიან მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირები. შესაბამისად, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების უფლება ჩამოერთვათ კერძო სამედიცინო დაწესებულებებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ცვლილებები დასაბუთებულია იმით, რომ „გამოიკვეთა საჭიროება, რომ ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს საკუთრივ სახელმწიფომ, რომელიც მისივე დაფუძნებული დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყოფს ამ პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას და ყველა ღონეს იხმარს საიმისოდ, რათა გამოირიცხოს დადგენილი წესებისა და რეგულაციებისგან გადახვევის ცალკეული შემთხვევები“.

მოქმედი კანონმდებლობით ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება და მისი განხორციელების პროცესი შესაბამის რეგულირებას ექვემდებარება. ყველა ის სახელმწიფო თუ კერძო კლინიკა, რომელიც მსგავს სერვისს აწვდის პაციენტებს, აქამდეც ვალდებულნი იყვნენ, დაეკმაყოფილებინათ „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით“ და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობები. ასეთი დაწესებულებების მონიტორინგსა და კონტროლს კი თავად ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

ამავდროულად, ქვეყანაში სამკურნალო (მათ შორის ჩანაცვლებითი თერაპიის) მიზნით საჭირო ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კვოტას სწორედ ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს. ამ პროცესში ასევე შესაძლოა ჩართული იყოს შინაგან საქმეთა მინისტრიც. შესაბამისად, მკურნალობის მიზნებისთვის, ან სამეცნიერო/საექსპერტო დანიშნულებით ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოსატან ოდენობას სწორედ ეს ორი უწყება განსაზღვრავს და საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქამდე ისედაც არ იყვნენ ჩართულები კერძო სამედიცინო დაწესებულებები.

გამოდის, რომ ჩანაცვლებითი მკურნალობის სერვისების ხარისხიანად და უსაფრთხოდ განხორციელებაზე აქამდეც ჰქონდა სახელმწიფოს კონტროლისა და ზედამხედველობის მრავალფეროვანი ბერკეტები. შესაბამისად, თუკი ამ მიმართულებით რაიმე ინცინდენტებს ჰქონდა ადგილი, ეს სწორედ არსებული მარეგულირებელი და ზედამხეველობის მექანიზმების არაეფექტიანობით შეიძლება აიხსნას და არა იმით, რომ მაინცდამაინც კერძო სამედიცინო დაწესებულებების სამართლებრივი ბუნება განაპირობებდა ამას.

საყურადღებოა ისიც, რომ კერძო სამედიცინო დაწესებულებების არსებობა განაპირობებს არამხოლოდ სამედიცინო სერვისზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობასა და მისი ხარისხის გაზრდას, არამედ ის უკავშირდება სერვისში ჩართულობისთვის ბაზისურ, აუცილებელი კომპონენტს – ნდობას. ბენეფიციარების დიდი ნაწილი სწორედ ამ არგუმენტით არჩევდა კერძო სამედიცინო დაწესებულებისგან ჩანაცვლებითი სერვისის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის დამატებით ფინანსურ სახსრებთან იყო დაკავშირებული…

ამის პარლალეურად, დაანონსდა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა გატანილი უნდა იყოს მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან, ქალაქების ცენტრებიდან – გარეუბნებში. ამის არგუმენტად კი დასახელდა ის, რომ „დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს“. ამით ასევე იქმნება დამატებითი ბარიერი ჩანაცვლებით თერაპიაზე ხელმისაწვდომობისთვის და ეს ბარიერი განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა. ბენეფიციარების ნაწილს შეზღუდული აქვთ სატრანსპორტო-საშუალების მართვის უფლება, გარეუბანში გადაადგილება დაკავშირებულია მეტ ფინანსებთან და დროსთან, რამაც დამატებითი გამოწვევები შეიძლება შეუქმნას პაციენტებს სამუშაო ადგილებზეც.

ნარკოპოლიტიკაზე და შესაბამისი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მათი ბენეფიციარები დიდწილად გარიყულ, მოწყვლად ჯგუფებს წარმოდგენენ. მაგალთად, 2021 წელს ჩატარებულ კვლევებში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლებ პირთა 53.5% აცხადებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მის ოჯახს ჰქონდა საკვებისთვის საკმარისი ფული, მაგრამ უნდა დაეზოგათ ან ესესხათ, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეეძინათ. ასევე, 25.9% აცხადებდა, რომ საკვებისთვის და ტანსაცმლისთვის ჰქონდათ საკმარისი თანხა, მაგრამ უნდა დაეზოგათ, ან ესესხათ თანხები მობილური ტელეფონის, მტვერსასრუტის და სხვა საოჯახო მოწყობილობების საყიდლად. იგივე კვლევა აჩვენებდა, რომ ნარკოტიკულ დანაშაულში ნასამართლობამდე, გამოკითხული ადამიანების 44.3% იყო უმუშევარი, ხოლო 38.9% – არაოფიციალურად იყო დასაქმებული.

ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში ისედაც შეინიშნება ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული პაციენტების რაოდენობის კლება: 2022 წელს თუ ეს მონაცემი 17 646-ს უტოლდებოდა, 2024 წელს პროგრამაში ჩართული იყო 15 437 პირი. ამ დროისთვის უცნობია, რა ფაქტორებმა განაპირობა პაციენტების რაოდენობის შემცირება და ხომ არ მოხდა ლეგალური სერვისიდან მათი არალეგალურ, „შავ ბაზარზე“ გადასვლა. ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის შემცირებამ და ამ მიმართულებით სტიგმის გაძლიერებამ შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარს უბიძგოს პროგრამის დატოვებისკენ. ასეთი პირები კი, სამედიცინო თუ სოციალური მხარდაჭერის შეთავაზების გარეშე, მომეტებული რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან, დაუბრუნდნენ ნარკოტიკების უკანონო მოხმარებას, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხითაც აჩენს რისკებს და სახელმწიფოსაც ახალ ბერკეტებს აძლევს, გამოიყენოს რეპრესიული მექანიზმები მათ მიმართ.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და გაზრდილი ფარულობა

2 ივლისის საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებდა ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში. ამ ცვლილებებით, პროკურორს მიეცა ფართო დისკრეცია, სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას, არ გაამჟღავნოს იმ პირის ვინაობა, ან სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომელიც ჩართული იყო ფარულ-საგამოძიებო მოქმედებებში, ან ისეთ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში, რომლითაც სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნა მოძიებული. საკანონმდებლო ცვლილებები იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რომ ეს დანაწესი გავრცელდეს როგორც პოლიციასთან ერთჯერადად მოთანამშრომლე პირზე, ისე რეგულარულ თანამშრომლებზე, რომლებიც ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ, ან ჩართულნი არიან ფარულ საგამოძიებო საქმიანობაში.

ამგვარი რეგულირება ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეში ზრდის სამართალდამცავების მხრიდან თვითნებობის რისკებს, თუმცა ეს საფრთხეები განსაკუთრებით მაღალი ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევაშია. სწორედ ამ კატეგორიის დანაშაულებზე ეყრდობიან, როგორც წესი, სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულ ინფორმაციას. ასეთი ინფორმაციის სანდოობის, მისი ავთენტურობის ეფექტიანად შემოწმება კი პირდაპირ გავლენას ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე და ბრალდებულის შესაძლებლობაზე, გამოიკვლიოს და კრიტიკულად შეაფასოს მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები.

ნარკოტიკულ დანაშაულს უკავშირდება ე.წ. ჩადების პრობლემაც, როცა ბრალდებულები მიუთითებენ, რომ საქმეში არსებული ნარკოტიკული საშუალება მათ არ ეკუთვნოდათ. მსგავსი პოზიციის გაჟღერებისას კი კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რა ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა, რა ვითარებაში, ვინ იყვნენ მასჩი ჩართულნი, რათა შემოწმდეს, მართლაც ჩხრეკის შედეგად მოხდა ნარკოტიკის ამოღება, თუ ბრალდებული საფუძვლიანად უთითებს ჩადების პრობლემაზე. საკანონმდებლო ცვლილებებით ასეთ ვითარებაში ჩატარებული ჩხრეკის სანდოობის გადამოწმება კიდევ უფრო გართულდება და სასამართლოს მოუწევს, დაეყრდნოს მხოლოდ ჩხრეკის ოქმს, სადაც მითითებულია, რომ ამ საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მოხდა ნარკოტიკული საშუალების ამოღება.

აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის პოლიციის მხრიდან თვითნებობის რისკებს, რადგან სუსტდება პოლიციის იმ საქმიანობაზე სასამართლო კონტროლისა თუ საპროცესო შეჯიბრებითობის მექანიზმები, რომლის სანდოობის მიმართ აქამდეც არსებობდა კითხვები”.