ერევანმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპს შეხვდებიან 

პუბლიკა

ერევანმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპს შეხვდებიან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა, ნაზელი ბაგდასარიანმა განაცხადა, რომ შეხვედრა აშშ-ში 7-8 აგვისტოს შედგება.

კერძოდ, მისი განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.

ასევე დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მონაწილეობით. „შეხვედრის მიზანია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა“, – წერს პრესმდივანი.

სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე 2025 წლის 13 მარტს შეთანხმდნენ. თუმცა, ხელი ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ მოუწერია.

8 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ​თქვა: „იმედია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული”.