რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ლაპარაკისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ”.
ამ მოწოდებას პერიოდულად იმეორებენ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერები.
ამასთან, ზახაროვა ამბობს, რომ „საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის დაწყება და შემდგომი დემარკაცია ხელს შეუწყობს აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას”.
2008 წელს საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთმა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
„[მოლაპარაკებების პროცესის] პრიორიტეტულ ამოცანებს შორისაა საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება, რომელიც არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების საიმედო გარანტიას წარმოადგენს, არამედ საწყის წერტილსაც წარმოადგენს თბილისი-სოხუმი-ცხინვალის სამკუთხედში ნორმალიზაციისკენ სვლისთვის. სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის დაწყება და შემდგომი დემარკაცია. რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზადაა, სრულად შეუწყოს ხელი ამ პროცესებს“. – თქვა მარია ზახაროვამ.
მისივე თქმით, „შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმებაზე პროგრესი იქნას მიღწეული იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია აღიარა”.
„შეიარაღებული აგრესიის მოგერიების კიდევ ერთი შედეგი იყო ახალი მოლაპარაკების მექანიზმის – კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ამოქმედება (ჟენევის დისკუსიები), რომლის მთავარი მიზანია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ორივე რესპუბლიკასა და ქართულ მხარეს შორის პირდაპირი დიალოგის შენარჩუნების გზით.
არსებობს შესაძლებლობა, ვივარაუდოთ, რომ სამშვიდობო გეგმის ფარგლებში მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება მიღწეული, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯაროდ აღიარა სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ”, – განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ „სწორედ რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ხელი შეუწყო კონფლიქტის მოგვარებას სამხრეთ ოსეთში”.
ზახაროვას თქმით, მოსკოვმა „ჯერ საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია ჩაატარა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა“.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას. ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია.
ამავე დროს, 2024 წლის 14 სექტემბერს, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა გორის მოსახლეობას მიმართა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და თქვა:
„ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
„ქართული ოცნების” წევრები იმეორებენ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. 2005 წლის 7 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ომი, დიფ სთეითის” დაკვეთით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა”.
ამასთან, „ქართული ოცნების” პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მომუშავე საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც „ენმ-ის დანაშაულებს შეისწავლის”, 2008 წლის ომთან დაკავშირებით არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს. თეა წულუკიანმა ომის კონტექსტში თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიდგომა არ არის, ჯარი იქცეს პოლიტიკოსების ხელში მსხვერპლად”.
რუსეთის ხელისუფლება იწონებს „ქართული ოცნების” წევრების განცხადებებს.