ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულ აქტივისტებს – თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ინფორმაცია ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ გაავრცელა.
გამოძიება ამბობს, რომ აქტივისტებმა „ჯგუფურად იძალადეს“ ყოფილ ფეხბურთელზე, ბექა გოცირიძეზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. აქტივისტები ამბობენ, რომ გოცირძემ პროვოკაცია მოაწყო, ის რუსთაველზე შეკრებილებს შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ჯიბეში დანა ჰქონდა.
„ტვ პირველთან“ საუბარში ადვოკატი ამბობს, რომ ძირითადი მასალები, რის გამოც დააკავეს აქტივისტები „ე.წ. დაზარალებულის ჩვენებები და ერთი კონკრეტული ვიდეომასალაა“.
„სულ რამდენიმე წუთია დასრულდა ბრალის წარდგენის პროცედურა, მათ შორის, გადმოგვეცა საქმის მასალები. ბუნებრივია, საშუალება არ გვქონია სრული მოცულობით გავცნობოდით, მაგრამ გავეცანით ნუსხას. ამ ეტაპზე ბიჭებს წარდგენილი აქვთ ბრალი 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას. დაზარალებული გახლავთ ის ადამიანი, რომელიც საჯარო წყაროებითაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, ნამდვილად. ამ ეტაპისთვის, გამოძიებას არ აქვს არავითარი მასალა საკმარისი მათ შორის იმისთვის, რომ პირები ყოფილიყვნენ დაკავებული, თუმცა, დაკავებულნი არიან სასამართლო განჩინების საფუძველზე.
ამ ეტაპზე, ბრალის დადგენილებით და ნუსხით, რასაც ვარკვევთ, ძირითადი მასალები, რის გამოც დააკავეს ეს ადამიანები გახლავთ ე.წ. დაზარალებულის ჩვენებები და ერთი კონკრეტული ვიდეომასალა, რომელიც რელიზის სახით გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითონ. აქ არ არის რაიმე ისეთი გარემოება, რასთან დაკავშირებითაც საჯაროდ არ ყოფილა ჯერ საუბარი და არ გაჟღერებულა. რაც შეეხება მტკიცებულებების დარჩენილ ნაწილს, ეს კონკრეტული დაზარალებული როგორ აღმოჩნდა რუსთაველის გამზირზე, რა მიზნით, ვინ იყო ინიციატორი კონფლიქტის და ა.შ. ეს არ უკვლევია გამოძიებას, რაც ბუნებრივია ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების საპროცესო სტანდარტს ვერ პასუხობს. ალბათ ჩვენ მოგვიწევს ამ მტკიცებულებების მოგროვება და მიტანა“, – თქვა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ „ტვ პირველთან“.
დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. როდის გაიმართება სხდომა, ჯერ უცნობია.