ნანუკა ჟორჟოლიანმა შეურაცხყოფის გამო ბექა გოცირიძის წინააღმდეგ შსს-ში საჩივარი შეიტანა.
გოცირიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს სოციალურ ქსელებში აგინა მას შემდეგ, რაც რუსთაველის პროტესტის მონაწილეები, მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა სისხლის სამართლის წესით დააკავეს და ნანუკა ჟორჟოლიანმა ბექა გოცირიძე გააკრიტიკა.
„ქართული ოცნების” წარმომადგენლები ჩივიან ყველაფერზე: ჩივიან სმაილებზე, ემოციებზე, სტატუსებზე, შეცვალეს კანონები, მოირგეს, გვაჯარიმებენ „ფეისბუქზე” გამოთქმულ უწყინარ მოსაზრებებზე.
მინდა, ტესტი ჩავუტარო – რა ხდება მაშინ, როცა ზონდერი მომიხსენიებს ისეთი სიტყვებით, როგორი სიტყვებიც საჯარო სივრცეში ვერ ხვდება – თქვენ რომ მაყურებლისთვის იმის ჩვენება გინდოდეთ, რაზე ვიჩივლე, ვერ გაუშვებთ“. – თქვა მან.
ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილს „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საპროტესტო აქციების 2 მონაწილე: მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა დააკავეს. მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შსს ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 აგვისტოს რუსთაველზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბექა გოცირიძეზე”.
აქტივისტები ამბობენ, რომ ბექა გოცირიძემ პროვოკაცია მოაწყო: ის რუსთაველზე შეკრებილებს შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ გოცირიძეს ჯიბეში დანა ჰქონდა.
„როგორ აღმოჩნდა [ბექა გოცირიძე] რუსთაველის გამზირზე, რა მიზნით, ვინ იყო ინიციატორი კონფლიქტის და ა.შ., გამოძიებას არ უკვლევია, რაც, ბუნებრივია, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების საპროცესო სტანდარტს ვერ პასუხობს. ალბათ ჩვენ მოგვიწევს ამ მტკიცებულებების მოგროვება და მიტანა“, – თქვა აქტივისტების ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ „ტვ პირველთან“.