რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სცენარი, რომელიც უკრაინაში NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედროების განთავსებას ითვალისწინებს.
ვრცელ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ზახაროვა კონფლიქტის წაქეზებაში ბრალს დიდ ბრიტანეთს სდებს და მიიჩნევს, რომ ლონდონის განცხადებები „არამხოლოდ ეწინააღმდეგება მოსკოვისა და ვაშინგტონის ძალისხმევას, არამედ აშკარად მიზნად ისახავთ ძირის გამოთხრას”.
ზახაროვა გამოეხმაურა 17 აგვისტოს მსურველთა კოალიციის ონლაინ შეხვედრის შემდეგ კოალიციის თანათავმჯდომარეების, კირ სტარმერის და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ განიხილეს უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები ტრამპისა და პუტინის ალასკაზე შეხვედრის შემდეგ.
„მათ ხაზი გაუსვეს მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ დაზღვევის ძალები და ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვების დაცვას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას”. – ნათქვამია განცხადებაში.
მარია ზახაროვა ამბობს, რომ „კარგად არის ცნობილი ბრიტანელების როლი კონფლიქტის გაღვივებაში”.
რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაზე პასუხისმგებლობასაც ბრიტანეთს აკისრებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სცენარი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში NATO-ს ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო კონტინგენტის გამოჩენას. ეს კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციას და არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკეული ევროპული ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, განცხადებები არსებითად ასახავს მათ ღიად პროვოკაციულ და მტაცებლურ მისწრაფებებს უკრაინასთან დაკავშირებით.
ეს საომარი ტირადები, რომლებიც სინამდვილეში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების ცინიკურ წაქეზებას წარმოადგენს, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ლონდონი არ არის დაინტერესებული სიტუაციის მოგვარებით, არამედ ყველაფერს აკეთებს სისხლისღვრის გასახანგრძლივებლად. თავიანთი პოლიტიკით, ბრიტანელები კიევს უბრალოდ არ უტოვებენ შანსს, მოლაპარაკებების გზით გამოვიდეს კონფლიქტიდან და ჩვევის გამო, ამპარტავნულად და თავდაჯერებულად ახანგრძლივებენ უკრაინელი ხალხის ტანჯვას.
ჩვენ მოვუწოდებთ ლონდონს, უარი თქვას სარისკო და გაუაზრებელ გეოპოლიტიკურ თამაშებზე და, სულ მცირე, არ ჩაერიოს რუსი და ამერიკელი მომლაპარაკებლების შრომატევად მუშაობაში”. – აცხადებს მარია ზახაროვა.