რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ დღევანდელი ევროპა მოკლებულია სუვერენიტეტს, რუსეთი კი უამისოდ ვერ იარსებებს.
„არსებობს ქვეყნები, რომლებიც მშვიდობიანად არსებობენ სუვერენიტეტის გარეშე. დღევანდელი დასავლეთ ევროპა პრაქტიკულად მოკლებულია ასეთ სუვერენიტეტს. ასევე არსებობს მრავალი სხვა ქვეყანა, რომელიც თავს კარგად გრძნობს. რუსეთს ეს არ შეუძლია – სუვერენიტეტის დაკარგვით, რუსეთი შეწყვეტს არსებობას ამჟამინდელი სახით“. – თქვა პუტინმა 22 აგვისტოს ბირთვული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
„სუვერენული დემოკრატია” რუსული პროპაგანდისტული იდეოლოგიაა, რომლის მიხედვითაც, „გარედან შენიშვნების მიღება მიუღებელია”. მას „ქართული ოცნების” წევრები საქართველოში ავრცელებენ – ისინი ამ ნარატივს დასავლეთის მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებების კრიტიკაზე საპასუხოდ იყენებენ.
ზოგიერთი მაგალითი:
„საქართველოს აქვს სრული უფლება, ჩვენ სახლში შემოსვლამდე ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ“. – თქვა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის აპრილში.
„კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პარტნიორთა განცხადებები, სცემენ თუ არა პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, ვინაიდან სუვერენიტეტი სხვა არაფერია, თუ არა ხალხის ნებისა და არჩევანის პატივისცემა”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის დეკემბერში.
„სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, ვხედავთ, როგორ ცდილობენ გავლენიანი ძალები, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი”. – თქვა კობახიძემ 2025 წლის მაისში.
„ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა – პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდი ინოვაციაა”. – თქვა პაპუაშვილმა 205 წლის მაისში.