„ხშირად მესმის „რადიკალებიო“, დარწმუნდებით, რომ არ ვარ ეგეთი, შეიძლება ჭიანჭველას არ დავაბიჯო“ | გიორგი გორგაძის საბოოლო სიტყვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასმართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის პროცესი გაიმართა – საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ბრალდებულებმა დღეს საბოლოო სიტყვები თქვეს.

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი გორგაძემ საბოლოო სიტყვაში მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნათესავებს და თქვა, რომ სჯერა სავარაუდო პატიმრობის წლებიც მალე გაივლის და ბოლოს იცხოვრებს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში.

გორგაძის თქმით, თუკი არსებობს შესაძლებლობა, რომ დაწერონ მისი დახასიათება, დარწმუნდებიან, რომ ის არ არის „რადიკალი“, როგორც ხშირად ესმის ტელევიზორიდან.

„არ ვარ მე ეგეთი ადამიანი – მოძალადე, რადიკალი, ვიღაც მომეკლა ან მსგავსი რამ. არ ჯდება ჩემს ადამიანობაში, შეიძლება ჭიანჭველას არ დავაბიჯო“, – თქვა გორგაძემ.

„არაფერია სანერვიულო, ეს 4 წელიც, 6 წელიც მალე გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება და ეს ქვეყანაც თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება. ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მეც, თქვენი შვილებიც, ჩემი შვილებიც, როგორიც გვინდა რომ იყოს – დამოუკიდებელი და თავისუფალი.

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახის წევრებს – მამაჩემს, დედაჩემს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ნათესავებს…

გადავალ საქმეზე, ჩემთვის გაუგებარი ბრალდება იყო და ეს ბიჭები სასამართლოს ე.წ. ფუქსებში გავიცანი. არც ვიცოდი თავიდან, რომ მათთან ერთად საერთო საქმეს მედავებოდნენ. სასაცილო აღმოჩნდა ცოტა იმიტომ, რომ გამიკვირდა, არ ვიცნობ ადამიანებს და საერთო საქმეს გვედავებიან. თავიდანვე ისე მივუდექი საქმეს, რომ საბოლოოდ ალბათ, მაინც გამამართლებელი განაჩენი დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი დიდი ხანია, დაკარგულია.

კიდევ რაც მინდოდა მეთქვა, ჩემი დაკავება მოხდა, ფაქტობრივად, ჩემი ნებით. შემეძლო, წავსულიყავი აქედან და ალბათ, მოვასწრებდი კიდეც, მაგრამ ვარჩიე, რომ ასე ჯობდა… არ ვიყავი სახლში, პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, უნდა მოხვიდე სახლშიო. გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი სახლში, სად წავსულიყავი…

საკმაოდ მხნედ შევხვდი ამ ყველაფერს, არ შემშინებია არაფრის, არც ციხის კედლები შემაშინებს და არაფერი ცხოვრებაში, როცა ჩემს ქვეყანას ეხება… ტელევიზიაში ხშირად მესმის – „რადიკალები“ და მსგავსი ფრაზები. ბევრი ადამიანი შემიძლია მოვიყვანო და დაახასიათოს ჩემი პიროვნება. არ ვიცი, როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება სასამართლოში რაღაც ეგეთი, რომ ბრალდებულს ყოველთვის ახასიათებენ, როგორი ქცევა აქვს და ამ ყველაფერს ითვალისწინებენ. თქვენც დარწმუნებული იქნებით, რომ არ ვარ მე ეგეთი ადამიანი – მოძალადე, რადიკალი, ვიღაც მომეკლა ან მსგავსი რამ. არ ჯდება ჩემს ადამიანობაში, შეიძლება ჭიანჭველას არ დავაბიჯო…

დაკავების წუთიდან მე დუმილის უფლებას ვიყენებ და ახლა პირველად ვამბობ სიტყვას. თავი უდანაშაულოდ მიმაჩნია და იმედია, თქვენ, ქალბატონო თამარ, მიიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას, ამ ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და იმედია, ეს საქმე ისტორიას დარჩება, როგორც პრეცედენტი, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად, სამართლიანი გადაწყვეტილება როგორ გამოიტანა ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა.

გიორგი გორგაძემ მადლობა გადაუხადა მამას, რომ შეაყვარა ფეხბურთი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგფუში წარმატება უსურვა. „სამართლიანი განაჩენის მიხედვით, 2026 წელს ამერიკაში შევხვდებით ერთად და ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – თქვა მან.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის განაჩენის გამოსაცხადებლად პროცესი 2 სექტემბერს ჩანიშნა.