აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.
რევაზ კიკნაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა ბრალად წარდგენილი ქმედების სამართლებივი მხარის შეფასებამდე ისაუბრა რევაზ კიკნაძის დაკავებაზე და აღნიშნა, რომ მისი დაკავების და ჩხრეკის პროცესი უკანონო იყო.
ადვოკატმა მიუთითა საპროცესო კანონმდებლობის არაერთ უხეშ დარღვევაზე.
„ოქმში ჩაწერეს, რომ დააკავეს ლისზე, ხოლო რეალურად ეს ბიჭი დაკავებული არის მეტროსადგურში“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა იმას, რომ დაცვის მხარეს ამ გარემოების დადგენა სურდა, თუმცა სხვადასხვა უწყებამ სათანადო ნება არ გამოიჩინა და პროცესს ხელი შეუშალა.
ავსაჯანიშვილის თქმით, დაცვის მხარემ მიმართა სასამართლოს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, და მოითხოვეს 112-ის კამერების ჩანაწერები, რომელიც დღემდე არაა გამოთხოვილი, ასევე იპოვეს ადამიანი, რომელიც იტყოდა, რეალურად რა მოხდა. ამ ადამიანმა აღწერილობით დააიდენტიფიცირა რევაზ კიკნაძე და დაადასტურა, რომ ის მეტროშია დაკავებული.
მისივე თქმით, რევაზ კიკნაძის მიმართ იყო მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ცოცხლად დამარხვის მუქარა და ა.შ.
ვიდეომასალა
რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და ვიდეოკადრებს, ავსაჯანიშვილის თქმით, საქმეში არსებული ვიდეომასალის შესახებ ექსპერტის დაკითხვის დროს ექსპერტმა თქვა, რომ მას არ შეუძლია განსაზღვროს, რა არის ნივთი, რომელსაც რევაზ კიკნაძე ისვრის.
„ექსპერტმა დაკითხვის დროს გვითხრა, რომ არ შეუძლია, განსაზღვროს ეს რა ნივთი არის.
ბატონო ვაჟა, ეს ნივთი გეცნობათ? ეს ნივთი თქვენი მიმართულებით დავარდა. [გულისხმობს ონისე ცხადაძის მიერ ნასროლი ასანთის კოლოფს.]
…რევაზ კიკნაძის მოქმედებები რომ შევადაროთ ამ მოქმედებებს, იცით, რატომ არ დაიწყო არანაირი გამოძიება? ამის წონა თქვენთვის საფრთხის შემცველი არ არის; თქვეს ეს არ მოგწვდენიათ; საფრთხე არ შეგმქნიათ;
რევაზ კიკნაძის ვიდეოზე, არ არის დადგენილი, რას ისვრის. აღნიშნული არის ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც ვერანაირ საფრთხეს ვერ შექმნის. ქვაც კი არ ჩანს…
ერთი ადამიანიც არ არის, რომელიც მიუთითებს, რომ მას საფრთხე შეექმნა, ის კი არა, 29 და 28 ნოემბერს ამ ლოკაციაზე მყოფი პიროვნებებიც კი არ არიან, რომლებიც იტყვიან, რომ საფრთხე შეექმნათ უშუალოდ რევაზ კიკნაძის მოქმედებებიდან გამომდინარე.
თუ აღნიშნულმა არ შეგიქმნათ არანაირი საფრთხე, რაც გულწრფელად ეგრეა, არც რევაზ კიკნაძის ხელსახოცი ვერ შექმნიდა ვერანაირ საფრთხეს“.
ადვოკატის თქმით, პროკურატურას არ ჩაუტარებია ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიება, მათ შორის, არ მოუძიებია ქმედების შემსწრე მოწმე და არ დაუკითხავთ ორგანიზატორებად მოაზრებული პირები.
გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ 8 თვეა, ვერ გაიგო ბრალდების პოზიცია, არსებობდა თუ არა ორგანიზებული ჯგუფი:
„რომ მიპასუხოთ რეპლიკაში, თქვენ, ბატონო ვაჟა, ორგანიზებული ჯგუფი იყო თუ არ იყო? იქნებ რეპლიკაში მაინც გამაგებინოთ, ამ ბიჭს მიიჩნევთ თუ არა ორგანიზებული ჯგუფის წევრად თქვენ, როგორც ბრალმდებელი და იქნებ სასამართლოსაც განვუმარტოთ ცხადად, ხართ თუ არა ამ პოზიციაზე?
რა მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს ნივთი იყო ქვა? ერთი მტკიცებულება მითხარით, სადაც წერია ან ვინმე შეესწრო, რომ ეს ნივთი არის ქვა“, – მიმართა ადვოკატმა პროკურორ ვაჟა თოდუას.
ადვოკატის დასკვნითი სიტყვის შემდეგ პროკურორს რეპლიკით არ უსარგებლია.
დასკვნითი სიტყვის დასასრულს გუჯა ავსაჯანიშვილმა ისაუბრა იმ არგუმენტებზე, რატომ არ იკვეთება ბრალად წარდგენილი ქმედება – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
„თუ გვაქვს ორგანიზებული ჯგუფი, ისინი უნდა ყოფილიყვნენ კავშირში, ემოქმედათ ერთად, საერთო გეგმით. რევაზ კიკნაძესთან არანაირი ნაცნობობა, არანაირი ურთიერთობა, ხელმძღვანელობა არ იკვეთება, 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკვალიფიცირებული გარემოებები არ გვაქვს“, – თქვა ავსაჯანიშვილმა.
მისივე თქმით, მოწმეებს არ დაუდასტურებიათ, რომ რევაზ კიკნაძე იმ ლოკაციაზე იმყოფებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა ჰიპოთეტური საფრთხის შექმნის შესაძლებლობაც კი.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს ასეთ რამეს: „იმიტომ მიყვარს ეს ქვეყანა ასე, რომ ტყვეობაში ვარ; თუ იმიტომ ვარ ტყვეობაში, რომ ეს ქვეყანა ასე ძალიან მიყვარს“ – მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცავ და მის უდანაშაულობას ბოლომდე დავიცავ ყველა ინსტანციაში, მაგრამ ვფიქრობ, თქვენ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ვერ დაინახავთ“, – თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.