ჩეხეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უწყვეტ პროტესტის 44-ე კვირას Amnesty International-ის პრაღის ოფისის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის მხარდამჭერი პეტიციით შეუერთდნენ.
ორგანიზაცია პეტიციით ითხოვს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, ქვეყანაში ადამიანის უფლებების სრულ დაცვას, სამართლიან სასამართლოს, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფას და იმ ოფიციალურ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებიც მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების უკანონო პატიმრობას უკავშირდებიან.
მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელმა 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზიას დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.