11 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 პირის საქმის მსგავსად მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თერთმეტივე ბრალდებულს – რევაზ კიკნაძეს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რუსლან სივაკოვს, ირაკლი ქერაშვილს, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, სერგეი კუხარჩუკსა და გური მირცხულავას – სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მათი პატიმრობის ვადა დაკავების მომენტიდან აითვლება. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ ერთ წელსა და სამ თვეს გაატარებენ.

პროკურატურა 11-ვე პირს 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.