ე.წ. “პირბადეების საქმეზე” მაგისტრატ მოსამართლესთან ბაია პატარაიას გამოკითხვა დასრულდა.
“სათითაოდ ირჩეოდა ჩემი ფეისბუქ პოსტები, მაგალითად, როგორიც არის “თავისუფლებამდე თუ გინდა მიხვიდე, რუსთაველი უნდა გაიარო” – რას გულისხმობთ ამაშიო, მეკითხებოდნენ. იყო ძალიან არასერიოზული.
მგონია, რომ ეს არის პროკურატურის მოცდენა, სასამართლოს მოცდენა, ჩემი მოცდენა.
კითხვები ძირითადად იყო იმაზე, თუ რატომ ვწერ რომ გაფიცვის უფლება აქვთ ადამიანებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება რომ აქვთ. ძალიან დეტალურად აინტერესებდათ საფარს საქმიანობა – მომავლის როგორი პროექტები გვაქვს, რას ვაკეთებთ, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და საიტზე ისედაც დევს და ვინმე თუ აინტერესებს შეუძლია რომ გაეცნოს.
ვფიქრობ რომ დაკარგული საათნახევარი იყო. ეს გამოკითხვა გინდა ჩატარებულიყო გინდა – არა, ამით აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვალა. ვერანაირი ახალი ინფორმაცია ვერ მივიღე და დარწმუნებული ვარ რომ ვერც მათ მიიღეს” – უთხრა ჟურნალისტებს ბაია პატარაიამ.
ამ დროისთვის იმავე საქმის ფარგლებში მაგსტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ „სამართლიანი არჩევნების” ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, „დემოკრატიის მცველების” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი.
პროკურატურამ მათი გამოკითხვა 7 ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შემდეგ დაიწყო.
27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.