ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ 23 წლის მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული, 9 საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება. ამის შესახებ მან „ნეტგაზეთთან” კომენტარში განაცხადა.
თუთბერიძემ ისაუბრა, რა ვითარებაში დააკავეს მეგი დიასამიძე და აღნიშნა, რომ სტუდენტი გოგოს დასაკავებლად „ძალიან სასაცილო, პრიმიტიული სპეცოპერაცია” ჩატარდა.
მისი თქმით, დიასამიძეს მთელი პერიოდის განმავლობაში ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული და „მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა, ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა”.
„გაკვირვებას იწვევს ის მასშტაბი და რესურსი, რომელიც დაიხარჯა სტუდენტი გოგონას დასაკავებლად, როცა ჩატარდა ძალიან სასაცილო, პრიმიტიული სპეცოპერაცია.
იგი მიდიოდა საკუთარ სახლში, მიემგზავრებოდა აჭარაში, რა დროსაც თითქოს მიკროავტობუსი გაფუჭდა, გადასვეს სხვა მიკროავტობუსში, შემდეგ ამ მიკროავტობუსმა გააჩერა და ჩაუსაფრდნენ სადღაც ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურიაში, ტყეში. ჯერ მივიდნენ მძღოლთან და ეჩხუბებოდნენ პოლიციელები არარსებულ სამართალდარღვევაზე, თითქოს მძღოლმა რაღაც საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, ხოლო ბრძანების მიღების შემდეგ მივიდნენ მეგისთან და პირველი, რაც გააკეთეს, წაართვეს ტელეფონი. ამის შემდეგ 9 საათის განმავლობაში მას არ ჰქონდა საშუალება, რომ ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა.
ბუნებრივია, ეს უკავშირდება მეგის მონაწილეობას აქციებში იმიტომ, რომ საუბრის თემა პოლიციელებთან მუდმივად იყო ეს, რომ დადიოდა თუ არა აქციებზე და თუ დადიოდა, რატომ დადიოდა.
მთელი პერიოდის განმავლობაში მას ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან, მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა. ცდილობდნენ მის დამუშავებას, გაუგებარ ფაქტებზე საუბარს და ინფორმაციის გამოძალვას, თუმცა არცერთ მომენტში მისთვის არ განუმარტავთ, თუ რატომ არის ის დაკავებული და ჩვენც, მისი ადვოკატებიც ამჟამად ვართ ბუნდოვანებაში და არ ვიცით, რეალურად რის გამოა დაკავებული, რას ედავება მას გამოძიება.
პოლიციელების ქცევას არ შეიძლება მიეცეს სამართლებრივი შეფასება, გარდა იმისა, რომ ეს არის დანაშაული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც მათ გააკეთეს. სულ რომ დამნაშავე იყოს მეგი დიასამიძე, ნებისმიერ ბრალში, ის, რაც მას, როგორც დაკავებულს გაუკეთეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მე დარწმუნებული ვარ, ისინი პასუხს აგებენ ამ თვალსაზრისით აუცილებლად”, – განაცხადა თუთბერიძემ.
23 წლის მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.