თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის განცხადებით, ბურჭულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ჩვენ პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებთ, უბრალოდ, მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე, ბრალდება ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ არის დაუსაბუთებელი
ჩვენი პირველი გეგმა არის აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინების გასაჩივრება სააპელაციო წესით. ბუნებრივია, ჩვენ ილუზიით არ ვიკვებებით, თუმცა მიგვაჩნია, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა, სუსტი შუამდგომლის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება – სამართლებრივად ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მივაღწიოთ რაიმე შედეგს. ჩვენ ორშაბათს გავასაჩივრებთ დღის ბოლომდე“ , – განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე მომდევნო სხდომა 3 ნოემბერს, 11 საათზე დაინიშნა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება.
პროკურატურის მტკიცებით, სუსში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად.
ბურჭულაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ამავე საქმეზე ივლისში დააკავეს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შეწყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. სამივე მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურის ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, მისმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის მრტ-ს აპარატის შეძენის პროცესში შექმნეს არაკონკურენტული გარემო, არალეგალური გარიგებებით გაიზარდა აპარატის ღირებულება და სამინისტრომ 1 333 728 ლარი იზარალა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკანონო ქონების წარმოშობის დამალვის მიზნით შემდეგი რამ გააკეთა:
პროკურატურის ვერსიით, ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ 2025 წელს ესპანეთში 544 000 ევროდ შეიძინეს მიწის ნაკვეთი და სახლი. ამ თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ ფიქსირდებოდა, ამიტომ 2024 წელს ბურჭულაძის ცოლსა და მესამე პირს შორის გაფორმდა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობა, რეალურად კი ბურჭულაძის ოჯახს ეს ქონება არ გაუყიდია და ხელშეკრულების მიზანი ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა იყო.
უწყების ცნობით, ბურჭულაძემ ესპანეთის სახლი არც ქონებრივ დეკლარაციაში ასახა. მათივე თქმით, ბურჭულაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.