პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.” – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.
პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის პარალელურად მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობდა.
მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტის წინ სიტყვით გამოდიან და მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აქცია დღეს 7 საათზე დაიწყება პარლამენტის წინ.