საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკრონის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არის „ჰამასის“ დამარცხება. როგორც მან განაცხადა, მხარს უჭერს „მშვიდობას ისრაელსა და პალესტინელ ხალხებს შორის“და საფრანგეთი მზადაა, ღაზაში „სტაბილიზაციის მისიაში“ წვლილი შეიტანოს, რაც ტერიტორიაზე საერთაშორისო უსაფრთხოების პერსპექტივას ზრდის.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია ღაზაში ომის დასასრულებლად ლოდინი. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რადგან დროა, გავათავისუფლოთ მძევლები, შევაჩეროთ ომი და ხოცვა-ჟლეტა. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს ნაადრევია, ზოგმა თქვას, რომ დაგვიანებულია, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ჩვენ აღარ შეგვიძლია ლოდინი“, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე და აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს მძევლები.
„არაფერი ამართლებს მიმდინარე ომს“, – თქვა მაკრონმა და დასძინა, „ყველაფერი გვაიძულებს, საბოლოოდ დავასრულოთ ის“.
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი პალესტინაში საელჩოს მხოლოდ მას შემდეგ გახსნის, რაც „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევალი გათავისუფლდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება მიღწეული.
21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფო აღიარეს დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ.
კანადა გახდა პირველი ქვეყანა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნებიდან, რომელმაც პალესტინა აღიარა, ავსტრალია სწრაფად მიჰყვა ამ ნაბიჯს და განაცხადა, რომ ეს იყო „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევის“ ნაწილი.
ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტა „ჰამასისთვის ჯილდო არაა“, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ჰამასს“ არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი, არანაირი როლი მთავრობაში და არანაირი როლი უსაფრთხოებაში. მან მოუწოდა დაჯგუფებას გაათავისუფლოს მძევლები და სთხოვა ისრალეს, მოხსნას შეზღუდვები ღაზის საზღვარზე, რათა იქ მეტი დახმარება შევიდეს.
ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა მისი ახლო მოკავშირე ისრაელი, რომელიც ამტკიცებს, რომ აღიარება ამხნევებს ექსტრემისტებს და ჯილდოა „ჰამასისთვის“, ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს.
პალესტინის ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზაში 65 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათასობით ბავშვი, ტერიტორიის დიდი ნაწილი განადგურდა და მოსახლეობის უმეტესობას მოუწია დაეტოვებინა საკუთარი სახლი.
კვირას ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ ღაზას ქალაქში ღამით განხორციელებულმა დარტყმებმა სულ მცირე 34 ადამიანი იმსხვერპლა.