შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს.

პაპუაშვილი ამბობს:

„სამწუხაროდ, ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს, რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ, თუ სად არის საქართველო ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველო დემოკრატიული განვითარებით, სად არის საქართველო ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველო ევროინტეგრაციის განვითარებით – არათუ ამას აღარ ხედავენ, რუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას აღარ აღიარებენ და ჩვენ ის გვიკვირს რომ მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების რეიტინგებს აღარ აღიარებენ?!

გეოგრაფიას როცა აღარ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს მათზე. ჩვენ ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში. ვნახოთ, უნდა დაველოდოთ“, – თქვა პაპუაშვილმა.

23 სექტემბერს „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მინისტერიალში საქართველო ელჩის დონეზე მიიწვიეს, რაც „ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს”.