გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

პუბლიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „ტვ პირველი” ავრცელებს.

„მე ვარ დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან უჩვეულოა. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს“, – თქვა ფიშერმა არხის ცნობით.

პეტერ ფიშერს „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში ესხმის თავს.

მათ შორის, ფიშერის მადისკრედიტირებელი განცხადება დღესაც გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„გერმანიის მთავრობას თუ უნდა, რომ ის მათ წარმოადგენდეს, ეს მათი ნებაა და მათი ელჩია, მაგრამ მე რთულად წარმომიდგენია ამ ელჩის პირობებში, რომ შეძლოს საერთო ენის გამონახვა. ყველას ესხმის თავს, მთავრობა იქნება, პარლამენტი, ჟურნალისტი თუ „ქართული ოცნების” ამომრჩეველი.

ელჩის ამოცანა არის, რომ იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ ბატონ პეტერს 30 წლის განმავლობაში ბევრი გერმანელის და ქართველის და მეც ვიყავი ამის მონაწილე, აშენებული ხიდი გაემყარებინა და გაეფართოებინა, პირადად მან დაწვა ყველა ხიდი. ამაზე ყველაზე მეტად მე ვწუხვარ“,- თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი თავს ესხმის არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ ევროკავშირის ელჩს და ზოგადად, ევროკავშირის ინსტიტუტებს და მათ წარმომადგენლებს.

მან დღეს თქვა, რომ „თუ 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტი მაინც იქნება, პასუხისმგებლობა ევროკომისიას დაეკისრება”.

10 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „კატეგორიულად უარყოფს და გმობს შალვა პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს და რომ ის ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს”.

„გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის საელჩომ გაავრცელა.

16 სექტემბერს 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა წერილი და პეტერ ფიშერს მხარდაჭერა გამოუცხადა.