შსს ამბობს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, საბა კოდუას ავტომობილში „სავარაუდოდ, ხმოვანი აკუსტიკური იარაღი შენიშნეს“

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, საბა კოდუას ავტომობილში „სავარაუდოდ, ხმოვანი აკუსტიკური იარაღი შენიშნეს“.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით შეაჩერა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის „ხმოვანი აკუსტიკური იარაღი“.

მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლი ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს.

თავდაპირველად, სამთავრობო „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს“.

ნანუკა ჟორჟორლიანმა და მარიამ გეგუჩაძემ ინფორმაცია უარყვეს. ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2-ს“ არასწორი ინფორმაციის შესწორება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩივილით დაემუქრა.

„რუსთავი 2, ან ჩაასწორეთ ან არასრულწლოვანზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის გიჩივლებთ“, – დაწერა მან.