აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი დისტანციის დარტყმების ნებართვა მისცა.
კითხვაზე, რა არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის მიერ რუსეთზე შორი დისტანციის დარტყმებთან დაკავშირებით, კელოგმა უპასუხა:
„პასუხია „დიახ“, გამოიყენეთ შესაძლებლობა, შეუტიოთ სიღრმეში”.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ტრამპს კიევისთვის „ტომაჰავის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა.
28 სექტემბერს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა თქვა, რომ „აშშ განიხილავს უკრაინისთვის „ტომაჰავის” მიწოდებას, ვინაიდან მოსკოვი ისევ უარს ამბობს ტრამპის შუამავლობით წარმოებულ ორმხრივ და სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე”.
საბოლოო გადაწყვეტილება, უნდა გამოიყენოს თუ არა უკრაინამ შორი მანძილის რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ, ტრამპის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, ინდივიდუალურ შემთხვევებში.
„რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციების გათვალისწინებით [ესტონეთისა და პოლონეთის საჰაერო სივრცეების დარღვევა], სიფრთხილე ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რათა არ დავუშვათ შეცდომა მოსკოვთან დაპირისპირებისას. ეს გლობალური საკითხია და ჩვენ შესაბამისად უნდა მოვიქცეთ“. – თქვა კელოგმა.